თავდასხმა დონალდ ტრამპზე

პესკოვი: ტრამპზე თავდამსხმელის უკრაინულმა კავშირმა აჩვენა, რომ ცეცხლთან თამაშს შედეგი აქვს

დიმიტრი პესკოვი
Natalia Kolesnikova / AFP / Getty Images

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულის სავარაუდო უკრაინულმა კავშირმა აჩვენა, რომ "ცეცხლთან თამაშს" შედეგები მოჰყვება.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ინფორმაციას, რომელიც აშშ-დან მოდის და ვხედავთ, რამდენად დაძაბულია სიტუაცია, მათ შორის, პოლიტიკურ კონკურენტებს შორის. პოლიტიკური ბრძოლა მწვავდება და სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ არასოდეს ჩავრეულვართ და არც ჩავერევით აშშ-ს არჩევნებში" - თქვა პესკოვმა.

პესკოვის შეფასებით, ტრამპის მკვლელობის მცველობაში ეჭვმიტანილი რაიან რუთის კავშირები უკრაინასთან აშშ-ს დაზვერვის სამსახურის "თავის ტკივილი" უნდა იყოს და არა კრემლის.

უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონი რაიან რუთის სავარაუდო უკრაინულ კავშირებს გამოეხმაურა. მათი განცხადებით, რუთი მათ ინტერნეტის საშუალებით რამდენჯერმე შეეხმიანა, თუმცა, მისი შეთავაზებები "არარეალისტური იყო და პასუხიც კი არ გაუციათ".


15 აგვისტოს ფლორიდაში ტრამპის გოლფის მოედნის გარეთ ცეცხლსასროლი იარაღით სროლა მოხდა, რაც FBI-ის თქმით, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მეორე მცდელობა იყო და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. 

ინციდენტის დროს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში გოლფს თამაშობდა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, იარაღის გასროლის შემდეგ მოედანი მყისიერად დაიკეტა.

მომხდარის შემდეგ დონალდ ტრამპმა საკუთარ მხარდამჭერებს ელექტრონულ ფოსტაზე წერილი გაუგზავნა და განაცხადა, რომ იგი "უსაფრთხოდ და კარგადაა".

"მე არასდროს შევჩერდები. არასდროს დავნებდები". - დაწერა მან.

კომენტარები