არჩევნები 2024

მოძრაობა "GEN Z ევროპისთვის" კოალიცია ძლიერ საქართველოს შეუერთდა

მამუკა ხაზარაძე და "ჯენზი ევროპისთვის" წევრები მზიურის პარკში გამართულ ღონისძიებაზე, 2024 წლის 15 სექტემბერი

მოძრაობა ჯენზი ევროპისთვის კოალიცია ძლიერ საქართველოს შეუერთდა. ამის შესახებ ცნობილი მზიურის პარკში გამართულ ღონისძიებაზე გახდა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ როგორც კოალიციის ლიდერები, ისე მოძრაობის წევრები.

მზიურის პარკში სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდებს მიმართა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და თქვა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არა ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს ემსახურება და ეს ახალგაზრდების ჩართულობით უნდა შეიცვალოს.

"მე ჯენზის თაობა არა ვარ და არც ჯენზისნაირად შემიძლია საუბარი, მაგრამ მე შემიძლია მოვისმინო ეს [პრობლემები], მოვისმინო და თქვენთან ერთად [მივიღო] გადაწყვეტილებები და ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ვიმუშაო თქვენთან ერთად, იმიტომ, რომ თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც ჩემზე მეტი წელი იცხოვრებთ  საქართველოში და მე მინდა რომ მომავალ საქართველოში თქვენ გქონდეთ ის მომავალი, ის ცხოვრება სადაც იქნებით მყარად ფეხზე, სადაც სამშობლოში გექნებათ ის პერსპექტივა რომ აქ დასაქმდეთ, აქ ისწავლოთ და მუდმივად იამაყოთ თქვენი საქმიანობით, თქვენი კარიერით, თქვენი პროფესიონალიზმით და საქართველოს დროშით.

მინდა გითხრათ რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, სამწუხაროდ, რომელიც არა ქართველ ხალხს, არამედ ემსახურება რუსეთს. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადება სადაც ქართული ოცნების ლიდერი მადლობას უცხადებს რუსეთს და შეურაცხყოფას აყენებს ყველა იმ გმირ ახალგაზრდას და ყველა იმ მეომარს, რომელმაც ჩვენი სამშობლოსთვის თავი დადო.

ჩვენ არასდროს არ შევეგუებით ოკუპაციას მაგრამ ოსებთან და აფხაზ ძმებთან ჩვენ ყოველთვის, ერთდროულად, მშვიდობასაც დავამყარებთ, ერთდროულად ბოდიშსაც მოვუხდით ერთმანეთს, მაგრამ ეს არ მოხდება წინასაარჩევნოდ, ეს მოხდება, როცა ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს. [...]

დღეს ჩვენ გთავაზობთ, ჩვენი სახით, რეალურ ალტერნატივას, რომელსაც ჰქვია "ძლიერი საქართველო". მე მინდა, თითოეულ თქვენგანს გითხრათ, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც გვაწუხებს - და უამრავი პრობლემა გვაქვს - მისი გადაწყვეტა არის ჩვენს ხელში. თქვენ უნდა იყოთ თამამები

მაგრამ თქვენ უნდა იყოთ თამამები, თქვენ უნდა იყოთ წინა ხაზზე, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის თქვენი და ჩვენი გეგმა, რომელსაც დავარქვით "ილიას გზა" ითვალისწინებს, რომ ჩვენი ძალიან დიდი ადამიანის, ჩვენი ეროვნული მამის, ილიას სახელით და მისი გეგმით გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენ აუცილებლად, რასაც გპირდებით, გავაკეთებთ". - თქვა ხაზარაძემ.

კომენტარები