არჩევნები 2024

ილიას გზის გასაგრძელებლად შევიკრიბეთ - ძლიერმა საქართველომ ხედვა "ილიას გზა" წარადგინა

ფოტო: Facebook/Mamukakhazaradzeofficial

კოალიციამ ძლიერი საქართველოსთვის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია საგურამოში გამართა. ლიდერებმა 9-პუნქტიანი ხედვა - ილიას გზა - ილია ჭავჭავაძის ძეგლთან წარადგინეს.

"შევიკრიბეთ ისტორიულ ადგილას, რათა გაგაცნოთ ჩვენი ხედვა, იდეა, გეგმა, რომელიც სულ რაღაც 117 წლის წინ შეწყდა, რადგან მოკლეს ილია, მაგრამ ვერ მოკლეს ის იდეა და ის ხედვა, რასაც საქართველოს განვითარება და მომავალი ჰქვია [...]

[...] სწორედ ამ ადგილიდან გვინდა, გაგაცნოთ ის ხედვა, რომელიც ჩვენს კოალიციას, ალტერნატიულ ძალას აქვს ჩამოყალიბებული. ჩვენ გამოვაცხადეთ რეალური ალტერნატივა იმ 20-წლიანი მმართველობისა, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, იმ ბოლო 12-წლიანი მმართველობისა, რომელმაც ქვეყანა სტაგნაციის და იზოლაციის პირობებში ჩააგდო.

ჩვენ შევქმენით კოალიცია, რომელიც ღირსეული, პატრიოტი და ხელისუფლებაში არმყოფი ადამიანების კოალიციაა.... სწორედ ილიას გზის გაგრძელებისთვის ვართ შეკრებილები, სწორედ ამ იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ მივიღოთ ძლიერი საქართველო" - თქვა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

მისი მტკიცებით, ძლიერი საქართველოს აქვს გეგმა - როგორ დაიხსნას რუსული ოკუპაციისა და გავლენისგან ქვეყანა. ხაზარაძემ სავიზო შეზღუდვები, ფრენების რეგულირება და რუსეთის მოქალაქეებზე მიწების გაყიდვის შეზღუდვა დაასახელა. ოპოზიციონერი ირწმუნება, რომ ასევე აქვთ კონკრეტული გეგმა - ქვეყანაში შექმნან 200 000 სამუშაო ადგილი.

"ასევე, გვაქვს გაწერილი გეგმა, როგორ სწრაფად დავამთავრებთ ისეთ მეგაპროექტებს, როგორიცაა ანაკლია" - აღნიშნავს ხაზარაძე.

ლელოს ლიდერის თქმითვე, კოალიციას აქვს "კონკრეტულად გაწერილი დეტალური გეგმა", როგორ გახადოს პენსიას 1 000 ლარი და "ეს ვინმეს წინასაარჩევნო დაპირება არ ეგონოს".

"ამას გავაკეთებთ ყოველწლიური ინდექსაციით და იმ საშუალებით, რაც არსებობს კორუფციის პირობებში და აზარტული თამაშების დაუბეგრავ ბიზნესში, ამას აუცილებლად გავაკეთებთ, რადგან ეს არის შემოსავლის წყარო" - აღნიშნა ხაზარაძემ.

კომენტარები