Edison Research-ის კვლევით, რომელიც ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარდა, მოსახლეობის 31% საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ ფასებს ასახელებს, 27%-ის აზრით კი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უმუშევრობაა. 24% პრიორიტეტულ პრობლემად სიღარიბეს მიიჩნევს.
გამოკითხვის თანახმად, დაბალ ხელფასებსა და ემიგრაციას ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მოსახლეობის თანაბარი ნაწილი, 18-18% ასახელებს. შემდგომ არის ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებსაც ყველაზე პრიორიტეტულ პრობლემად 17% მიიჩნევს.
კითხვაზე, რამდენად უჭერთ მხარს ან ეწინააღმდეგებით იმას, თუ რა გზებით უმკლავდება ქართული ოცნება ჩამოთვლილ საკითხებს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
- მაღალი ფასების შემთხვევაში ქართული ოცნების გამკლავების გზას 78% ეწინააღმდეგება, მხარს კი 22% უჭერს.
- უმუშევრობის შემთხვევაში ეწინააღმდეგება 71%, მხარს კი 29% უჭერს.
- ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში მოსახლეობის 72% ეწინააღმდეგება, 28% კი ემხრობა არჩეულ კურსს.
- კრიმინალთან გამკლავების ქართული ოცნების არჩეულ გზას 69% ეწინააღმდეგება, 31% მხარს უჭერს.
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.5%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო - 8 სექტემბრის შუალედში.





