არჩევნები 2024

მდინარაძე: სიის შედგენისას პრინციპი უნდა აგვეღო - ადამიანური მომენტებიც არის, ბუნებრივია

ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიება ოზურგეთში. 31 ავისტო, 2024 წელი 
ფოტო: ქართული ოცნება

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძეს თქმით, სიის პირველი ოცეული გარკვეული პრინციპის მიხედვით არის დაკომპლექტებული, რის გამოც პარტიის აქტიური წევრების ნაწილი იქ ვერ მოხვდა.

მდინარაძე ამბობს, რომ ოცეულში მოხვდნენ ახალი სახეები, პოლტსაბჭოს წევრები და ხალხის ძალის ორი წევრი შეთანხმების მიხედვით. ამის შესახებ მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში წამყვანის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც ოცნების სიის ოცეულში პარტიის "სახეების" მაგალითად, მაია ბითაძისა და ვიქტორს სანიკიძეს არყოფნას შეეხებოდა.

"რა თქმა უნდა, [რჩებიან სიაში], მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ რაღაც პრინციპი უნდა აგვეღო, ავიღეთ პრინციპი - ახალი სახეები და პოლიტიკური საბჭოს წევრები, ერთადერთი მიზეზი ეს იყო, რომ მაგალითად, მაია ბითაძე აღარ იყო ოცეულში. ნინო წილოსანი, რომელიც არ იყო წინა შემთხვევაში, მაგრამ ახლა რატომ არ უნდა ყოფილიყო [ოცეულში], რომელიც არის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იბრძვის, როგორი ბულინგის, შეტევის და ფაშიზმის ობიექტი იყო... " - თქვა ქართული ოცნების სიის მე-5 ნომერმა.

მდინარაძის თქმით, "ადამიანური მომენტებისა" და  სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით სიის დაკომპლექტებისას სხვადასხვა პრინციპი აიღეს - მოქმედი დეპუტატები იმავე თანმიმდევრობით, დელეგატები ანბანის მიხედვით, ხოლო "ახალი ადამიანები" მმართველი პარტიის წარმომადგენლის თქმით, ბოლოსკენ იქნებიან, რადგან ას დეპუტატზე "ბევრად მეტის" გაყვანას აპირებენ.

"ბოლოს ვთქვით, რომ ამდენი ღირსეული ადამიანი გვყავს, ავიღოთ კრიტერიუმად მხოლოდ პოლიტსაბჭო, ამის მიხედვით დავალაგოთ და არც არავის ეწყინება, ადამიანური მომენტებიც არის იქ, ბუნებრივია და თან ვერავინ ობიექტურად სპეკულაციას ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ არც ერთი ადამიანი, ვინც წინა საპარლამენტო სიაში იყო და დღესაც არის ოცეულში, არ არის ისე, რომ თან  პოლიტსაბჭოში არ იყოს - პოლიტსაბჭოს წევრები, ახალი სახეები და როგორც ჩვენ შორის შეთანხმება იყო ხალხის ძალის ორი წარმომადგენელი და ამ შეთანხმების ფარგლებში კიდევ გაგრძელდება სიის დაკომპლექტება.

მოქმედი დეპუტატები იქნებიან - ვინ ვის მერეც იყო, ეს თანმიმდევრობა არ დაირღვევა. ესეც პრინციპია, რომ ვიღაცამ სპეკულაცია არ დაიწყოს, ის იმის წინ ჩასვეს და ასე შემდეგ... დელეგატები იქნებიან ანბანური მაჩვენებლით. მაგალითად, დიტო ხუნდაძე შეიძლება ოცეულში ყოფილიყო ხალხის ძალასთან შეთანხმების ფარგლებში, რომ არ ყოფილიყო დელეგატი, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ დელეგატი და ხუნდაძეა, შეძლება იყოს დელეგატების ბოლოსკენ." - ამბობს მდინარაძე. 

კომენტარები