რუსული რეჟიმი

ელისაშვილი: სასამართლომ დამაჯარიმა 2 000 ლარით, გავასაჩივრეთ ეს უმსგავსობა

კადრი ფორმულადან

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც 17 აპრილს კანცელარიასთან მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებმა სცემეს, ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს, 11 სექტემბერს გაასაჩივრა.

"შეგახსენებთ, 17 აპრილს კანცელარიასთან, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, 20-მდე პოლიციელი ფიზიკურად მისწორდება მე, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც წესით, კონსტიტუციურად, მიცავს იმუნიტეტი და დაკავებაც არ შეიძლება, ჩხრეკაც და ნუ, ცემა-ტყეპა არც არავისი არ შეიძლება, მით უმეტეს, დეპუტატის, სუფთა სამართლებრივად რომ შეხედო.

იმ ინციდენტის შემდეგ, არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ არის წარდგენილი, არც ერთი პოლიციელი იდენტიფიცირებული არ არის, არცერთი ხომ დაკავებული არ არის და არ არის. უფრო მეტიც, მე დამაჯარიმეს 2 000 ლარით, რომ იქ ხულიგნობდი და უმისამართოდ იგინებოდიო. წარმოგიდგენიათ? აქეთ დამაჯარიმეს. იმათ არაფერი მოჰკითხეს და მე დამაჯარიმეს. ამის გასასაჩივრებლად ვართ მოსულები.

რა თქმა უნდა, არანაირი მიამიტური მოლოდინი, რომ ამ მურუსიძის დუქანში რამე სამართალს ვიპოვით, არ გვაქვს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ კანონის პატივისმცემელი ხალხი ვართ და გავასაჩივრეთ ეს უმსგავსობა". - თქვა ელისაშვილმა საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე.

17 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს, პოლიციამ ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით კანცელარიის შენობაში შეიყვანა. ელისაშვილის თქმით, კანცელარიის შენობაში მას წაქცეულზე პოლიციელებმა გამეტებით ურტყეს.

იქამდე, 15 აპრილს, პარლამენტში რუსული კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა.

კომენტარები