აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2024

CNN: დებატის მაყურებლების უმრავლესობის თქმით, ჰარისმა ტრამპზე უკეთესი შედეგი აჩვენა

დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი

CNN-ის გამოკითხვის მიხედვით, 10 სექტემბრის საპრეზიდენტო დებატების ყურების შემდეგ დარეგისტრირებული ამომრჩევლების ძირითადმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მის მეტოქეს, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, დებატებში აჯობა. ამასთანავე, ჰარისმა მაყურებლების მოლოდინებსაც გადააჭარბა და ივნისის თვეში ჯო ბაიდენის დებატებზე გამოსვლაზე უკეთესი შედეგიც აჩვენა.

მონაცემების მიხედვით, დებატის მაყურებელთა 63%-ის აზრით, დებატებში ჰარისმა გაიმარჯვა, ხოლო 37%-ის თქმით - ტრამპმა. დებატების გამართვამდე, იგივე მაყურებლების მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ ვინ გაიმარჯვებდა დებატებში, თანაბრად იყო გადანაწილებული: 50% მიიჩნევდა, რომ ჰარისი მოახერხებდა გამარჯვებას, ხოლო 50%-ის თქმით დებატებში ტრამპი გაიმარჯვებდა.

დებატების დამთავრების შემდეგ, ერთი მხრივ, კამალა ჰარისის მხარდამჭერების 96%-მა განაცხადა, რომ მათმა კანდიდატმა უფრო კარგი შედეგი აჩვენა, ხოლო მეორე მხრივ, ტრამპის მხარდამჭერების მხოლოდ 69%-მა თქვა, რომ ტრამპის გამოსვლა უკეთესი იყო.

ტრამპსა და ჰარისს შორის პირველი საპრეზიდენტო დებატები გაიმართა, რომლის მოდერატორებიც ABC News-ის ჟურნალისტები იყვნენ. დებატების ფარგლებში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მწვავედ იკამათეს.

დონალდ ტრამპმა ძირითადად ყურადღება ბაიდენის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკასა და აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების კრიზისზე, ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკის ჩავარდნებზე გაამახვილა ყურადღება.

ერთ-ერთ მონაკვეთში კი მან განაცხადა, რომ ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში ჩასული მიგრანტები შინაურ ცხოველებს ჭამენ:

"სპრინგფილდში ისინი ძაღლებს ჭამენ, ხალხი, რომლებიც შემოვიდნენ, კატებს ჭამენ [...]". - თქვა ტრამპმა, რის შემდეგაც ჟურნალისტმა მისი ნათქვამი გადაამოწმა და განაცხადა, რომ ABC News ქალაქის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი შემთხვევა ქალაქში არ ყოფილა.

ტრამპმა ასევე კვლავ გაიმეორა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იგი უკრაინაში ომს დაამთავრებს. მან ასევე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავღანეთიდან გამოსვლას ამერიკის ისტორიაში "სამარცხვინო" მომენტი უწოდა, რამაც, მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა გამოიწვია.

უკრაინასთან მიმართებით ტრამპის განცხადებებზე ჰარისმა თქვა, რომ "მიზეზი, რის გამოც დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ეს ომი 24 საათში დამთავრდება ის არის, რომ იგი უბრალოდ დანებდება". ამასთანავე, ჰარისმა ტრამპს უთხრა, რომ მსოფლიოს ლიდერები მას "დასცინიან" და ევროპასა და NATO-ში მოკავშირეები მადლობელი არიან, რომ ტრამპი პრეზიდენტი არ არის.

კომენტარები