უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიგას მიერ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილ ხარიშინის გაწვევა დაკავშირებულია რიგ კომპლექსურ მიზეზებთან, მათ შორის, ელჩების საქმიანობის გაძლიერების სურვილთან.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიიმ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ეს სახელთან კავშირში არაა და არც ნიუანსებზეა საუბარი, არამედ მიზეზთა კომპლექსურობაა, რამაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს [მინისტრს] აიძულა,მიეღო ასეთი გადაწყვეტილება" – თქვა ტიხიიმ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით.
"ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ელჩების საქმიანობის გაძლიერების კონტექსტში, მათი სამუშაოსა და მიღწეული შედეგების ანალიზისთვის, ამასთან ერთად, დიპლომატიური სისტემის მუშაობის ომის რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროების გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც შედეგებია საჭირო" – ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.
ტიხიის თქმით, "არც თუ ისე კორექტულია" ამის ინდივიდუალურ საკითხებთან დაკავშირება.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხარიშინის გაწვევაზე თქვა, რომ ეს არ არის პოლიტიკური აქტი. მისი თქმით, ხარიშინი სარეცხი მანქანის შეძენისთვის გაიწვიეს.
"განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით არ უნდა შეეძინა ომის პირობებში, სარეცხ მანქანებზეა საუბარი" – თქვა კობახიძემ.