ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ლაივში ხსნის, რატომ ფიქრობს, რომ გახარიას პარტია საქართველოსთვისა და ლელოს საარჩევნო გაერთიანება და პროცესებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობის გაზრდა ოპტიმალური ვარიანტია.
ჩერგოლეიშვილის თქმით, საარჩევნოდ ალტერნატიული, ძლიერი ცენტრის შექმნა, მხოლოდ ამ პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანებითა და პრეზიდენტის მიერ ამ ანტიოლიგარქიული ცენტრის მხარდაჭერითაა შესაძლებელი. მისივე აზრით, ეს მნიშვნელოვანია როგორც არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხებისთვის, ასევე, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ძალთა ბალანსის შექმნისა და პრეზიდენტის ქართული ქარტიის შესრულებისათვის.
"მინდა ავხსნა, რატომ ვლაპარაკობ უკვე სამი თვეა, რომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ლელო და გახარია გაერთიანდნენ და პრეზიდენტის როლიც უფრო მეტად გაიზარდოს, იმისთვის, რომ წონა შესძინოს პროცესს.
რატომ არ არის ეს ახირება და რატომ არის არსებული ვითარებით გამოწვეული ყველაზე ოპტიმალური [ვარიანტი]? ბუნებრივია, რომ კარგი იქნებოდა, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს აღმოსჩენოდა იმის უნარი, რომ როდესაც პროპორციული არჩევნები მოვიპოვეთ ქართველი ხალხის ძალისხმევით, ეს პროპორციული არჩევნები მოქმედებაში მოეყვანა იმით, რომ რაღაც ღირებულებებზე აგებულ, მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ პარტიებს შექმნიდა და დააკმაყოფილებდა ამომრჩევლის გემოვნებას და აღარ გვექნებოდა ისეთი სურათი, სადაც ამომრჩევლის 60% ამბობს, რომ მის ინტერესებს არცერთი პარტია არ განასახიერებს. [...]
ეს ვერ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლიდან პრინციპში სანახევროდ ეგეთი სისტემა გვაქვს და 2024 წელს უკვე ყველამ იცოდა, რომ სრულად პროპორციულით გავიდოდით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთგვარი ახირებული და დაჟინებული მოთხოვნა, რომ პარტიებს შინაარსზე გვეკამათა და დებატები გვქონოდა შინაარსთან დაკავშირებით და ამ ნიშნით მერე უკვე ამომრჩეველს გავერჩიეთ ერთმანეთისგან, ვერ მოხდა. [...]
დღეს ვართ სიტუაციაში, როცა რეჟიმი გამოსაცვლელია და რაც მოხდა იმითი უნდა ვისარგებლოთ. თვისებრივ ტრანსფორმაციას პოლიტიკური სპექტრის, ორ თვეში ვერ შევძლებთ, ამას დრო სჭირდება. ვერც ოთხ წელიწადში ვერ შევძლებდით, მაგრამ რომ დაგვეძრა და ამ მიმართულებით წავსულიყავით, უკეთესი შედეგები გვექნებოდა. დღეს ვართ იქ სადაც ვართ და რუსული რეჟიმი დასამარცხებელია.
რომ შეხედო, რუსული რეჟიმი რითი მოქმედებს. ბიძინა ივანიშვილი მერამდენე წელია უკვე იყენებს პოლარიზაციას, იმიტომ, რომ აქ ხედავს მისი გამარჯვების შანსს. იმას კი არ ვამტკიცებ, რომ პოლარიზაციის კარტით ითამაშებს და აუცილებლად გამოუვა. უბრალოდ, ხომ ვიცით, რომ თამაშობს და ხომ ვიცით, რომ ამას წარმატების ბილეთად მიიჩნევს. ყველა შემთხვევაში, საჭიროა ამ წარმატების ბილეთის აშლა.
პირველი არის ის, რომ მთლიანად ცვლილებას უკავშირებს იმას, რომ მიშა მოვა, მიშას უკავშირებს ომს და იმას, რომ მიშა მთელი ამ დროის განმავლობაში იძახის, რომ ის პუტინის მთავარი მტერია და მათ შორის, პროდასავლელი ხალხის ნაწილსაც აჯერებს, რომ მიშას ხელისუფლებაში დაბრუნება და კრებსითად ყველას ის მიშად ასაღებს, ნიშნავს ომს. ეს გზავნილი, როგორ სულელურად და პრიმიტიულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მუშაობს და მუშაობს იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ამას საერთოდ არ იმჩნევს... არავინ არ ხსნის რეალურად, რა იქნება ცვლილებების მერე, რას გააკეთებს ახალი ხელისუფლება იმისთვის, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოს. [...]
მეორე, რასაც აკეთებს, არის ის, რომ აი მიშა მოვა და შურისძიება და განუკითხაობა იქნება, ამ წარსულს ახსენებს, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ გაცდა, რომ სახელმწიფო ისე დაჩაგრავდა, რომ სამართალს ვერც იპოვიდნენ. არც ამაზეა დისკუსია. [...]
ასეთ პირობებში, ძალიან იზრდება ბიძინას გამარჯვების შანსი და მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებში ცვლილება მოხდეს. იმის მიუხედავად, მომწონს თუ არ მომწონს ხაზარაძე, რას ვფიქრობ გახარიაზე, რა წარმოდგენა მაქვს სალომე ზურაბიშვილის წარსულ განცხადებებზე, სისტემურად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ეს განცდა, რომ მიშა მოდის, განეიტრალდეს, რომ ბიძინას მოგების ნაკლები შანსი დარჩეს. და ჩვენ ამისკენ კვლევებიც მიგვითითებს. კი, ბიძინას რეიტინგი დასულია და ურბანულ ცენტრებში მისი გაპარტახება იმედს ჩამისახავს 2024 წლისთვის, მაგრამ ის კვლევები იმასაც გვაჩვენებს, რომ ბიძინას რეიტინგი რომ დაგდებულია, სამაგიეროდ, ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელიც ოცნების ამომრჩეველზე მეტია, იმდენად მოტივირებული არ არის, როგორც ქოცების ამომრჩეველი. ის, რომ "ომი იქნება", ის, რომ "შურისძიება იქნება", ის, რომ "განუკითხაობა იქნება" და ეს შიში ცვლილებების მიმართ, მის მოტივაციას კიდევ უფრო აგდებს და ჩვენ გვჭირდება, რომ ამომრჩეველი იყოს მოტივირებული და იყოს მშვიდად, როდესაც ცვლილებებისკენ ნაბიჯს გადადგამს. [...]
თუ ერთადერთ ალტერნატივად და ყველაზე ძლიერ და დომინანტ ალტერნატივად ჩანან ნაცები და მათი სატელიტი ახლები, საფრთხე იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაყალბებით, ძალადობით და ასე შემდეგ, კიდევ ერთხელ გაიტანოს და გაუვიდეს, იზრდება. ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ალტერნატივად გამოჩნდეს ნაცების თანაზომადი ძალა, რაღაც საპირწონე. ცალკე აღებული გახარია და ცალკე აღებული ლელო ამ განცდას ვერ ქმნის. ეგენი რომც შეერთდნენ ცალკე, ვერც ეგენი ვერ შექმნიან, რაღაც კიდევ უფრო დიდია საჭირო, ვიღაცამ უნდა გააძლიეროს ეს ყველაფერი. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ძლიერად გამოჩნდეს ის ცენტრი და არა ფრაგმენტირებულად, რომელსაც შეუძლია, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში და ქართული ოცნების განხიბლული მხარდამჭერების წამოყვანა და მეორე მხრივ, ნაცების დომინაციას საფუძველს აცლი, ეს უნდა გამოჩნდეს. ეს თუ არ გამოჩნდა, კიდევ ერთხელ, ვიღაც შეიძლება გააბრიყვო დიდი ხნით, ყველა შეიძლება გააბრიყვო ცოტა ხნით, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ გააბრიყვებ. არ გამოგივა გაბრიყვება იმით, რომ კოალიცია მოდის. ადამიანებმა იციან ანგარიში და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ თუ დომინანტი იქნა სააკაშვილი მერაბიშვილი და კეზერაშვილი და რაც მთავარია, ვინმეს მარცხის შემდეგ ქართული ოცნების შენარჩუნების და ოპოზიციაში ყოფნის იმედი ხომ არ აქვს... დაიშლებიან და ვინც დომინანტია, იქით წავლენ. შესაბამისად, ისედაც დომინანტი, კიდევ უფრო გაიზრდება.
ამიტომ, არა მხოლოდ ცვლილებებისთვის, რომ ცვლილება მოხდეს და ხალხი შედარებით მშვიდად გავიდეს არჩევნებზე, მგონია მნიშვნელოვანი ისეთი ანტიოლიგარქიული ცენტრის შექმნა, სადაც აქტორები საკუთარ თავს განასახიერებენ და ჩრდილიდან არ იმართებიან, უკნიდან არ იღებს ბელადი ჩრდილიდან გადაწყვეტილებებს... ერთი ეს და მეორე, რომელიც მკვეთრად ასხივებს იმის უნარს, რომ მას შეუძლია, ერთი მხრივ, სააკაშვილ-კეზერაშვილ-მერაბიშვილის ტრიოს გაკავება და მეორე მხრივ, არავითარ შემთხვევაში არ შეუკრავს კოალიციას და არ გადაარჩენს ბიძინა ივანიშვილს. ეს არ არის კარგი ცხოვრებით ნაკარნახევი გამოსავალი... არსებულ ვითარებაში, ოპტიმალურ გამოსავლად, იმისთვის, რომ გავზარდოთ გამარჯვების შანსები - ჩვენი ხელიდან რაც შეიძლება, თორემ შემთხვევითობით მილიონი რამე შეიძლება მოხდეს. რაც არსებობს და რაც შეიძლება მოესწროს, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ალტერნატიული ცენტრის გაკეთება და ამიტომ ვლაპარაკობ ამდენს და არა იმიტომ, რომ რომელიმე აქტორი ისე ძალიან მომწონს, რომ მათ გაძლიერებაზე ვზრუნავ. არა, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ამოცანა მამოძრავებს. [...]
ნაცების და ახლების ალტერნატიული ცენტრი უნდა გაჩნდეს და ამ ცენტრს წონა გაეზარდოს და გამოასხივოს იმის ძალა, რომ თვითონაც ცენტრია და შემაკავებელი უნარები აქვს. ეს გვჭირდება არა მარტო პოსტბიძინა პერიოდისთვის, არამედ გამარჯვებისთვის, იმისთვის, რომ პოსტბიძინა პერიოდი დადგეს, ამომრჩეველი ამას უნდა ხედავდეს... ამიტომ მიმაჩნია მნიშვნელოვნად ალტერნატიული ცენტრის შექმნა: ერთი მხრივ, ბიძინას დამარცხების ამოცანებისთვის და მეორე მხრივ მერეც... ქარტიას რომ ახსენებენ დიდის ამბით, რომელიმეს სჯერა, რომ თუ რეალურად არ დაბალანსდნენ ნაციონალური მოძრაობა, ვინმეს ქარტია ემახსოვრება? იმისთვის, რომ ნებისმიერი სისტემური რეფორმა განახორციელო, რომელიც დომინანტ ძალას შებოჭავს, შენ თვითონ გჭირდება ძალა. [ალტერნატიული ცენტრი] ქარტიის შესრულებისთვისაც არის საჭირო. [...]
თუ პრეზიდენტსაც უნდა, რომ თავისი ქარტია შესრულდეს, ჩემი გადმოსახედიდან, მან უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს საარჩევნო პროცესში და თავისი წონით ანტიოლიგარქიულ ცენტრს დაეხმაროს. ამ აზრზე ვარ დიდი ხანია იმიტომ, რომ მაინც ვერ აირიდებს პოლიტიკიდან თავს და ვერც ირიდებს". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.





