93 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ჯეიმს ერლ ჯონსი გარდაიცვალა.
სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია. მსახიობს წლების განმავლობაში მეორე ტიპის დიაბეტი აწუხებდა.
თითქმის 70 წლის განმავლობაში ჯონსმა არაერთი როლი შეასრულა, როგორც კინოში, ისე ბროდვეის სცენაზე. განსაკუთრებული პოპულარობა ვარსკვლავური ომების ფილმებში მთავარი ბოროტმოქმედის, დარტ ვეიდერის როლმა მოუტანა. მართალია ეკრანზე ვეიდერს დევიდ პროუზი ასახიერებდა, მაგრამ ჯონსს ეკუთვნოდა ვეიდერის ხმა, რომელიც კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობად ხმად რჩება.
წლების შემდეგ ჯოუნსმა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი, ანიმაციაში მეფე ლომი, მთავარი გმირის მამა, მუფასა გაახმოვანა.
პოსტ საბჭოთა, მათ შორის ქართველი მაყურებელი ჯოუნსს ფილმიდან მოგზაურობა ამერიკაში იცნობს, რომელშიც მსახიობი მეფე ჯაფე ჯოფერის როლს ასრულებს. კომედია დიდი პოპულარობით სარგებლობდა ვიდეოგაქირავების წლებში.
ჯონსს შესრულებული აქვს როლები ფილმებში Dr. Strangelove, The Great White Hope, Exorcist II, Conan The Barbarian, Soul Man, Field of Dreams, Patriot Games, Judge Dredd.
მსახიობი 1970 წელს ოსკარზე ნომინირებული იყო ფილმისთვის The Great White Hope. 2011 წელს ჯონსს საპატიო ოსკარი გადაეცა.იყო 3 ემის, 1 გრემის, 3 ტონისა და 1 ოქროს გლობუსის მფლობელი.





