91 წლის ასაკში უიტნი ჰიუსტონის დედა სისი ჰიუსტონი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ალცჰეიმერის დაავადება გახდა. მუსიკოსმა ბოლო პერიოდი ჰოსპისში გაატარა.
სისი დრინკარდის (ჰიუსტონი მომღერლის მომავალი ქმრის გვარია) მუსიკალური კარიერა 1938 წელს, 5 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ძმებთან ლარისთან და ნიკისთან ერთად, მშობლების, ნიჩ და დელია მეი დრინკარდების მიერ დაფუძნებული ვოკალური ჯგუფის, Drinkard Four-ის წევრი გახდა. მოგვიანებით ბენდს ოჯახის სხვა წევრები ლი უორიკი, ენ დრინკარდ მოსი და მერი დრინკარდ ეპსი შეუერთდნენ, ბენდის სახელი კი Drinkard Singers გახდა. ჯგუფი ძირითადად გოსპელის ჟანრში მღეროდა.
1963 წელს, უიტნის დაბადების შემდეგ ჰიუსტონი არენბი ბენდ The Sweet Inspirations-ს აფუძნებს. მომღერლებისგან შემდგარი ჯგუფი წლების განმავლობაში ბექ ვოკალ პარტიებს მღერის ისეთ ლეგენდარულ არტისტებთან ერთად, როგორებიც ელვის პრესლი, დასტი სპრინგფილდი, არეტა ფრანკლინი, ოტის რედინგი და ჯიმი ჰენდრიქსი არიან.
1970 წლიდან ჰიუსტონი სოლო კარიერას იწყებს. გამოდის მისი ალბომი Presenting Cissy Houston. 2012 წლის ჩათვლით მომღერალმა 10 სოლო ალბომი გამოუშვა. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს გრემის ორი ჯილდო.