91 წელის ასაკში კომპოზიტორი, პროდიუსერი და სიმღერები ავტორი ქუინსი ჯონსი გარდაიცვალა.
ჯონსის წარმომადგენლის თქმით, მუსიკოსი 3 ნოემბერს სახლში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.
ჯონსის კარიერა 1950-იან წლებში იწყება. 1951 წელს 18 წლის მუსიკოსი ჰემპტონ ჯონსის ბენდში საყვირზე უკრავდა. კონცერტების დროს ჯონსმა გამოავლინა კომპოზიტორის ნიჭი, რის შემდეგაც ნიუ-იორკში გადასახლდა და ჯაზის ისეთ ლეგენდებთან დაიწყო თანამშრომლობა, როგორებიც დიუკ ელინგტონი, ქაუნთ ბეისი და დინა ვაშინგტონი არიან. მუსიკას წერდა ასევე თავისი სკოლელისთვისა და მეგობრისთვის, რეი ჩარლზისთვის.
1956 წელს გახდა დიზი გილესპის ბენდის წევრი, რომელთან ერთადაც შემოიარა ევროპა. პარალელურად გახდა ხმისჩამწერი კომპანია Mercury Records-ის ფრანგული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
1960-იან წლებში ჯონსი ფილმებისთვის მუსიკის შექმნით დაინტერესდა. მას ეკუთვნის საუნდტრეკები ფილმებისა The Pawnbroker, In Cold Blood, The Heat of The Night, Mackenna's Gold, Italian Job, The Getaway. 1977 წელს გამოსული მინისერიალ The Roots-ისთვის დაწერილი მუსიკისთვის მიიღო ემი.
იმავე პერიოდში პარალელურად მუშაობდა ფრენკ სინატრასთან, სარა ვონთან, ელა ფიცჯერალდთან, დინა ვაშინგტონთან, პეგი ლისთან და სხვა მომღერლებთან.
1978 წელს მიუზიკლ The Wiz-ზე მუშაობისას შეიტყო, რომ მაიკლ ჯექსონი სოლო ალბომისთვის პროდიუსერს ეძებდა. თავდაპირველად ჯონსმა რამდენიმე კანდიდატი შესთავაზა, მოგვიანებით კი თავად დათანხმდა სამსახურს. თანამშრომლობა ორივე არტისტისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ჯონსმა და ჯექსონმა ერთიანი ძალებით მიყოლებით 3 ალბომი გამოუშვეს: Off The Wall, Thriller, Bad. უკანასკნელი ორი დღემდე ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ალბომია.
1985 წელს ჯონსმა, ჯექსონმა და ლაიონელ რიჩიმ გამოუშვეს დღემდე ყველაზე პოპულარული საქველმოქმედო All Star სიმღერა We Are The World.
ჯონსს მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს 27 გრემის ჯილდო, ემი და ოსკარი.





