კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა ნიკა მელიამ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ და ზურა ჯაფარიძემ პირობა დადეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ კოალიცია ცვლილებისთვის პარლამენტში არჩეული არცერთი წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან.
"საქართველოს მოქალაქეების ინტერესების, ჩვენი სამშობლოს ევროპული ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების ინტერესებში კოალიცია ცვლილებისთვის პარლამენტში არჩეული არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ავტორიტარულ რეჟიმთან, რასაც ვადასტურებთ ჩვენი ხელმოწერებით".
"ჩვენ ვუახლოვდებით 26 ოქტომბერს. 47 დღეში იქნება არჩევნების დღე. დღე, რომელიც ამ ქვეყანაში მოიტანს ცვლილებას. ყველა მონაცემით, ყველა შეხვედრაზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ყველა შეგრძნებით ქართველ ხალხს დღეს აერთიანებს მტკიცე და ძლიერი სურვილი ცვლილების და ეს ცვლილება არის შესაძლებელი, ეს ცვლილება ჩვენს ხელშია.
ჩვენ, როგორც ცვლილების კოალიცია, კოალიცია ცვლილებისთვის, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ აღვასრულოთ ეს სურვილი". - განცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს ქართულ ოცნებას, არის მოსახლეობის არჩევნებზე არ მისვლა და "ამაზე მიიღებენ მტკიცე პასუხს ქართული საზოგადოებისგან, ჩვენი მოქალაქეებისგან, ხოლო მეორე, რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ თავში, ეს არის მოსყიდვა, გარიგება იმ ადამიანების, რომლებიც იქნებიან არჩეულები.
შესაბამისად, კოალიცია ცვლილებისთვის გამოდის ინიციატივით, რომ ყველა არჩეული პარლამენტის წევრი საჯაროდ და მკაფიოდ დააფიქსირებს პირობას, რომ არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან მთავრობის ფორმირებაში. მომავალი მთავრობა იქნება ქართველი ხალხის ნების, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციური მთავრობა. სწორედ ამ პირობას დავდებთ ჩვენ დღეს ყველა ერთად და მე მიმაჩნია, რომ პარლამენტის ყველა წევრი უნდა დებდეს საჯაროდ ამ პირობას". - თქვა მან.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელზეც კოალიცია ჩათვლის, რომ უნდა იყოს პარლამენტის წევრი, მხოლოდ მას შემდეგ მოხვდება საპარლამენტო სიაში, რაც ხელს მოაწერს ამ განაცხადს.





