თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პრორექტორისა და კულინარიის აკადემიის დამფუძნებლის, ნათია სამუშიას თქმით, წელს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში 130-მდე სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა ჩააბარა და 4-წლიანი სრული დაფინანსება მიიღო.
"2019 წლიდან თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში ვახორციელებთ პროგრამას "საგზური", რომელიც გულისხმობს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის სწავლის სრულ დაფინანსებას.
ჩვენ გვჯერა, რომ თუ კარგ განათლებას ხელმისაწვდომს გავხდით ჭკვიანი ადამიანებისათვის, ეს იქნება სიღარიბის დაძლევის ყველაზე ეფექტიანი და სწრაფი გზა.
შედეგად, მხოლოდ წელს 130-მდე სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა ჩააბარა თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში და მათ მიიღეს 4-წლიანი სრული დაფინანსება.
ასე გვესმის მემარჯვენე ხედვის მქონე ადამიანებს განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის ფილოსოფია". - წერს სამუშია სოციალურ ქსელში.





