ოკუპირებული აფხაზეთი

ლავროვი: აფხაზეთისთვის დაფინანსების შეწყვეტა ვალდებულებების ბალანსირებაა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეწყვეტის მიზანი არ არის ვითარების დაძაბვა, არამედ ეს მათ შორის დადებული შეთანხმების იმპლემენტაციაა.

"ამას ესკალაციას არ ვუწოდებდი. ეს არის დადებული შეთანხმებების იმპლემენტაცია. არსებობს შეთანხმებების პაკეტი, რომელიც სანქცირებულია პრეზიდენტების მიერ და დამტკიცებულია ორი სახელმწიფოს მთავრობების მიერ. ამ შეთანხმებების მიხედვით, რომელტა რატიფიცირებაც ორივე პარლამენტში მოხდა, ორივე ქვეყანას აქვს თავისი ვალდებულებები. საქმე ეხება ამ ვალდებულებების ბალანსირებას და ჩვენ აფხაზ მეგობრებს ეს შესანიშნავად ესმით" – ამბობს ლავროვი. 

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოს დასაწყისში მან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა რუსეთში მიიწვია. 

"დარწმუნებით შემიძლია ვტქვა, რომ მომდევნო დღეებსა და კვირებში ჩვენ შეგვეძლება ასეთი შეხვედრის ორგანიზება. რა თქმა უნდა, ჩვენი სხვა დეპარტამენტები და მათი კოლეგები სოხუმში შესაბამისად მუშაობენ. მთავარი ამოცანა პრეზიდენტების მიერ დამტკიცებული ყველა შეთანხმების იმპლემენტაციაა" – თქვა ლავროვმა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას თქმით, ამ საკითხზე აგვისტოში საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შორის. შამბას თქმით, შეხვედრაზე ითქვა, რომ მხარეების მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას სანქციები მოყვებოდა და პირველი სექტემბრიდან სწორედ ეს სანქციები ამოქმედდა. 

რუსული მედიის მიხედვით, აფხაზურ Telegram-ის არხებზე ვრცელდება ნახსენები შეხვედრის ოქმი:

1) რუსეთი წყვეტს ფინანსურ დახმარებას. რუსეთი აჩერებს ფინანსურ დახმარებას. მისი განახლებისთვის აფხაზეთმა უნდა მოახდინოს ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ ორმხრივი შეთანხმების რატიფიკაცია. ასევე, უზრუნველყოს რუსული კომპანიებისთვის აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების უფლების შეთანხმების ძალაში შესვლა და მოხსნას შეზღუდვები რუსი ინვესტორებისთვის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე.

2) შემოდგომასა და ზამთარში აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიას კომერციულ ფასში მიიღებს. 

3) 20 სექტემბრისთვის, რუსეთმა უნდა მიიღოს ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის პარლამენტის წევრებისა და ოპოზიციონერების შესახებ, რომლებიც "რუსეთის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების საზიანოდ მოქმედებენ", რათა შემდგომში განიხილოს მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი.

4) სახელმწიფო დუმა და ფედერაციის საბჭოს მინიმუმამდე დაჰყავს კავშირები აფხაზ დეპუტატებთან რუსეთის მიმართ "ვალდებულებებების შესრულებაზე მათი არაკონსტრუქციული პოზიციების" გამო. 

შამბამ დაადასტურა ოქმის პირველი ორი პუნქტი, თუმცა მთლიანი დოკუმენტის ავთენტურობა მას არ დაუდასტურებია. 

 სერგეი შამბამ 3 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა პირველი სექტემბრიდან "აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა და გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა".

შამბას თქმით, რუსეთმა ამ დრომდეც არაერთხელ აღნიშნა, რომ "აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას შესაძლოა გამოეწვია გარკვეული სანქციები".

"1-ელი სექტემბრიდან მათი [სანქციების] განხორციელება უკვე დაიწყეს. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვას. როგორც ჩანს ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ასევე, კითხვები არსებობს ელექტროენერგიის ფასებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, კომერციული ფასის გადახდა მოგვიწევს". - თქვა შამბამ.

გარდა ამისა, შამბამ ისაუბრა, დე ფაქტო პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და ე.წ. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე. მისი თქმით, მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულად რუსეთის პრეროგატივაა, რომელზეც მარიონეტული რეჟიმი გავლენას ვერ მოახდენს.


14 თებერვალს, ოკუპირებული აფხაზეთის მედიებში გავრცელდა ცნობა, რომ მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო საპროტესტო ნოტა, რომელიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკებთან დაკავშირებით მიღებულ ე.წ. კანონში შეტანილ ცვლილებას ეხება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, 2023 წლის 27 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე მოახდინა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემის ხელშეკრულების რატიფიკაცია.

გარდა ამისა, ე.წ. დეპუტატებმა შეთანხმებაში შეიტანეს შეზღუდვა, რომელიც მესამე პირებზე ობიექტების, აკვატორიის მონაკვეთის, მიწის ნაკვეთების, აშენებული შენობებისა და ნაგებობების გადაცემას კრძალავდა.

ასევე, შეთანხმების მიხედვით, აკრძალულია ობიექტებისა და ნაკვეთების გადაცემა ე.წ. ხელშეკრულების დენონსაციის შემთხვევაში - მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციის ნაწილმა, ამ ცვლილებების ფონზე, ე.წ. დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები