პუტინის რუსეთი

Досье: პუტინის და კაბაევას შვილებს ივანი და ვლადიმირი ჰქვიათ, ისინი იზოლირებულად ცხოვრობენ

საგამოძიებო პროექტმა, Досье-მ ვლადიმირ პუტინისა და ალინა კაბაევას შვილების სახელები გაარკვია. გამოცემის ცნობით, პუტინისა და კაბაევას შვილებს ივანი და ვლადიმირი ჰქვიათ და ისინი 2015 და 2019 წელს დაიბადნენ.

როგორც Досье წერს, 8 და 4 წლის ბავშვები წლის უდიდეს ნაწილს ქალაქ ვალდაეში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში, სრულ იზოლაციაში ატარებენ. პროექტის მიერ ჩატარებული გამოძიება რეზიდენციაში მომუშავე ანონიმურ პირს, საბანკო ამონაწერებს, ღია წყაროებს და ფრენების შესახებ არსებულ ჩანაწერებს ეყრდნობა.

Досье-ს მიხედვით, ივანი და ვლადიმირი საკუთარ მშობლებს იშვიათად ნახულობენ და მათთან მუდმივად არიან ძიძები, აღმზრდელები, კერძო მასწავლებლები, მწვრთნელები  და რუსეთის ფედერაციული დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც რეზიდენციის ტერიტორიაზე, ცალკე მდგომ შენობაში ცხოვრობენ.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რეზიდენციაში იშვიათად ჩნდებიან სხვა ბავშვებიც – ძირითადად ალანა კაბაევას ახლო მეგობრების შვილები, თუმცა, ისინიც, ახალი მასწავლებლებისა და მოსამსახურეების მსგავსად, რეზიდენციაში შესვლამდე 2-კვირიან კარანტინს გადიან.

რეზიდენცია მოიცავს ჰოკეის მოედანსაც, სადაც წყაროს თქმით, პუტინი იშვიათი ვიზიტების დროს უფროს ბიჭთან ერთად ჰოკეის თამაშობს.

გარდა ამისა, ჟურნალისტებმა სააგენტო English Nanny-ს საიტზე გამოქვეყნებული განცხადებაც მოიპოვეს, სადაც პუტინისა და კაბაევას ნდობით აღჭურვილი პირები ბავშვებისთვის მასწავლებლებსა და აღმზრდელებს ეძებენ. უკანასკნელად ასეთი განცხადება სააგენტოს საიტზე 2024 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა. განცხადების მიხედვით, იძევნებოდა ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც 4 და 8 წლის ბიჭებს მოამზადებდა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ოჯახი სანკტ პეტერბურგის რეგიონში იზოლირებულად ცხოვრობს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, განცხადებაში მაღალი ხელფასის (7 700 ევრო თვეში) გარდა, კიდევ რამდენიმე უჩვუელო პუნქტია ჩადებული – სასურველია, რომ მასწავლებელს ჰქონდეს სამხრეთ აფრიკის პასპორტი [რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყანა], კანდიდატი მზად უნდა იყოს 2-კვირიანი სამედიცინო შემოწმების გასავლელად და ასევე, ოჯახში მუშაობის განმავლობაში, შერჩეულ მასწავლებელს [რეზიდენციის] ტერიტორიის დატოვება ეკრძალება.

აღსანიშნავია, რომ პუტინისა და კაბაევას შვილებზე ინფორმაცია 2022 წელს შვეიცარიულმა გაზეთმა Sonntags Zeitung-მა გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ კაბაევამ ორი ბიჭი 2015 და 2019 წლებში გააჩინა, მათ მამად კი ვლადიმირ პუტინს ასახელებდა. გაზეთი ასახელებდა რუსული წარმოშობის შვეიცარიელ ექიმსაც, რომელიც ორივე შემთხვევაში კაბაევას მშობიარობაში დაეხმარა.

კომენტარები