რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში ლეგიტიმურია – სტოლტენბერგი

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში ლეგიტიმურია. სტოლტენბერგმა აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანულ ყოველკვირეულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ისაუბრა.

"უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს უფლება საზღვარზე არ ჩერდება". - თქვა მან და დასძინა, რომ NATO უკრაინის გეგმების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ იყო და მათ განხორციელებაში არანაირი როლი არ ჰქონია.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ჯარის წინსვლა რისკის შემცველია, თუმცა, კიევის გადასაწყვეტია, როგორ განახორციელებს სამხედრო ოპერაციებს.

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ ოპერაცია მიზნად ისახავს ბუფერული ზონის შექმნას, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის შემდგომი თავდასხმები საზღვრიდან. როგორც ყველა სამხედრო ოპერაცია, ამასაც თან ახლავს რისკები. მაგრამ უკრაინის გადასაწყვეტია როგორ დაიცვას თავი". - თქვა მან.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

ასზე მეტი რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე ათეულობით დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს. დანაკარგები ორივე მხარესაა. რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ფოტოები და კადრები.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები და ცნობები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები