უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში ტყვედ აიყვანეს 594 რუსი სამხედრო, დაიკავეს ასამდე დასახლებული პუნქტი, რაც 1294 კვადრატულ კილომეტრს უტოლდება.
სირსკიმ ამის შესახემ 27 აგვისტოს, სახელმწიფო მეთაურების ფორუმის დროს ისაუბრა.
"დღეს ვაკონტროლებთ 1294 კვადრატულ კილომეტრს - ეს არის 100 დასახლებული პუნქტი... ასევე მნიშვნელოვნად შევავსეთ გაცვლითი ფონდი: დღეს ამ მიმართულებით ტყვედ აყვანილია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 594 სამხედრო მოსამსახურე." - თქვა სირსკიმ.
სირსკიმ თქვა, რომ კურსკის ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი ფრონტის ხაზის დანარჩენი ნაწილებიდან, კერძოდ პოკროვსკისა და კურახოვსკის მიმართულებიდან რუსული ძალების ყურადღების გადატანა იყო. მისი თქმით, კურსკის ოლქში რუსეთმა 30 000-მდე ჯარისკაცი გადასხა და ეს რიცხვი იზრდება.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
ასზე მეტი რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე ათეულობით დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს. დანაკარგები ორივე მხარესაა. რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ფოტოები და კადრები.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები და ცნობები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.





