დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

კირბი: ირანის თავდასხმის შემთხვევაში აშშ ისრაელის დასაცავად მზად იქნება

თეთრი სახლის სპიკერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ მზადაა, ისრაელი დაიცვას.

ისრაელურ მედია Channel 12-თან საუბრისას კირბიმ თქვა, რომ რთულია ირანის მხრიდან იერიშის შესაძლებლობის განსაზღვრა, თუმცა დაამატა, რომ თეთრი სახლი ირანული მხარის განცხადებებს სერიოზულად აღიქვამს.

"ჩვენ გვჯერა, რომ ისინი კვლავ პოზირებენ და მზად არიან თავდასხმის წამოსაწყებად, თუკი ამას მოისურვებენ, რის გამოც ჩვენ მოგვიწია, რეგიონში ძალები გაგვეძლიერებინა". - ამბობს კირბი.

კირბის თქმით, აშშ-ს გზავნილი ირანის მიმართ ყოველთვის თანმიმდევრული იყო და ასეც დარჩება: "პირველი, ამას ნუ იზამთ. არ არსებობს ამის ესკალაციის მიზეზი. პოტენციური ტოტალური რეგიონული ომის დაწყების მიზეზი არ არსებობს. მეორე, ჩვენ მზად ვიქნებით ისრაელის დასაცავად, თუკი ეს საჭირო გახდება". - დაამატა მან.

ირანმა პირობა დადო, რომ 31 ივლისს თეირანში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობას სერიოზული პასუხი მოჰყვება. ირანი მომხდარზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. თავის მხრივ, ისრაელს ჰანიას მკვლელობაში ჩართულობა არც უარუყვია და არც დაუდასტურებია.

ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი რეგიონული დაძაბულობის ფონზე, აშშ-მ რეგიონში მე-2 ავიამზიდი, USS Abraham Lincoln, გაგზავნა.

ავიამზიდზე F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებია განთავსებული და იგი რეგიონში უკვე განლაგებულ ამერიკულ ხომალდებს შეუერთდება, მათ შორის ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-საც, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ივლისის თვის შუა რიცხვებში გაგზავნეს.

ავიამზიდების გარდა აშშ-მ რეგიონში მართვადი რაკეტებით შეიარაღებული წყალქვეშა ნავის USS Georgia გაგზავნის ბრძანებაც გასცა.


აპრილის თვეში ისრაელს ირანიდან გაშვებული რაკეტების მოგერიებაში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო საესკადრო ნაღმოსნები დაეხმარნენ. ირანმა აღნიშნული საპასუხო იერიშის ფარგლებში ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა, თუმცა ისრაელმა, თავდაცვითი ქმედებების წყალობით და მოკავშირეების დახმარებით, მათი დიდი უმრავლესობის მოგერიება შეძლო.

კომენტარები