დონალდ ტრამპი

პროკურორმა 2020-ის არჩევნებში ტრამპის სავარაუდო ჩარევის საქმეზე ახალი ბრალდება წარადგინა

დონალდ ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს

2020 წლის არჩევნებში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავარაუდო ჩარევის საქმეში სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა ახალი საბრალდებო ოქმი წარადგინა.

ახალი ბრალდება "ჩამნაცვლებელი საბრალდებო ოქმია", რაც ნიშნავს, რომ იგი უკეთ განმარტებული ან დამატებითი ბრალდებებით წინა საბრალდებო ოქმს ჩაანაცვლებს.

სმიტმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ 1-ელ ივლისს დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი "ოფიციალური ქმედებებისთვის" სრული იმუნიტეტი აქვს.

პროკურორის შეცვლილ საბრალდებო ოქმში ტრამპის წინააღმდეგ არსებული ოთხი ბრალდება იგივე რჩება, თუმცა ამჯერად ტრამპი პოლიტიკურ კანდიდატად განიხილება, რომელსაც თანამდებობის ხელახლა დაკავება სურს, და არა როგორც ინციდენტის დროს პრეზიდენტის როლის შემსრულებლად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ჯონ რობერტსი 1-ელ ივლისს გამოქვეყნებულ უმრავლესობის აზრში წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტი უფლებამოსილია "სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი ჰქონდეს იმ ქმედებებისთვის, რომლებიც მის დასკვნითი და გამომრიცხავი კონსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში იყო".

საქმეში ტრამპის ადვოკატებს ჯეკ სმიტის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ "სმიტმა ზუსტად იგივე საქმე ხელახლა გადაწერა იმ მიზნით, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გვერდი აუაროს".

კომენტარები