ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკურ პარტიებს ბოლო 8 თვის ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა დაავალა. ამის შესახებ ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.
"იმ მიზნით, რომ პოლიტიკური კამპანიის ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტი არ შემცირდეს და ამ გზით, მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ შეეზღუდოთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტმა მიმდინარე წლის 8 თვის, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 აგვისტომდე პერიოდის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია წარმოადგინოს [...] პარტიის ფინანსური ანგარიში წარმოდგენის ვალდებულება ქართულ ოცნებასაც ეხება". - ამბობს კუპრაშვილი.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თქმით, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებს.
"ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები: ევროპული საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობა, გირჩი-მეტი თავისუფლება, ლელო, ხალხისთვის, ახალი და დროა დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. ამავდროულად, შესაძლოა, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ, ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს ამ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უხდიან.
ამ სქემით, უცხოური ფულით პარტიებისა და პროცესის მხარდაჭერა სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის საფრთხეს წარმოადგენს [...] საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან და საქართველოში, ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აკრძალულია". - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.





