2024 წლის პარიზის ოლიმპიადა

კობახიძე: ღირსების ორდენზე წარვადგენთ ოლიმპიური ჩემპიონების მწვრთნელებს

პერმიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღირსების ორდენზე წარადგენენ ოლიმპიური ჩემპიონების გუნდურ და პირად მწვრთნელებსაც, ასევე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონებს, გურამ თუშიშვილსა და ლაშა მარგველაშვილს. 

"გურამ თუშიშვილი და ლაშა მარგველაშვილი, რომლებიც არიან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონები, წარვადგინეთ ღირსების ორდენზე. 

ღირსების ორდენზე წარვადგინეთ ოლიმპიური ჩემპიონების მწვრთნელები: ლაშა გუჯეჯიანი, გურამ მოდებაძე, ომარ ჟორჟოლიანი, ამბაკო ავალიანი, გიორგი იანტბელიძე, დავით ხურცია, გიორგი ასანიძე, ავთანდილ გახოკიძე, ბეჟან ჭიჭინავა, ილია ტლაშაძე, ალექსი ღვინიაშვილი, კახა წიკლაური, არჩილ ბარამიძე, ლევან ქობულაშვილი, მირზა ხაბარელი, გია ობოლაძე" - თქვა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ამასთან, პრემიერის განცხადების მიხედვით, ნინო სალუქვაძესა და ლაშა შავდათუაშვილს, ოლიმპიური ნაკრების "გამორჩეული მიღწევების" წევრებს, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ. 

კობახიძე 15 აგვისტოს ამბობდა, 50 000 ლარიანი პრემია გადაეცემოდა ყველა ოლიმპიელს.

"წვლილის დასაფასებლად, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ჩვენს გუნდში" - ამბობდა კობახიძე. 

პრემიერ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის 12 აგვისტოს  გავრცელებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. 

"საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში. აღნიშნული უდიდესი წარმატება გვინდა მივულოცოთ ქართველ ოლიმპიელებს და სრულიად საქართველოს.

ჩვენი საამაყო სპორტსმენების წარმატების დასაფასებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები:

  • ლაშა ტალახაძე, 3-გზის ოლიმპიური, 7-გზის მსოფლიოს და 7-გზის ევროპის ჩემპიონი;
  • ლაშა ბექაური, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;
  • გენო პეტრიაშვილი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი.

 ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური პრიზიორები:

  •  ტატო გრიგალაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი;
  • ილია სულამანიძე, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი; 
  • გივი მაჭარაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების 2-გზის პრიზიორი, 2-გზის ევროპის ჩემპიონი; 
  • ლაშა გურული, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი" - ეწერა განცხადებაში. 

 

კომენტარები