2024 წლის პარიზის ოლიმპიადა

პრემიერი: 50 000 ლარი გადაეცემა ყველა ოლიმპიელს, 28-ვე სპორტსმენის წვლილი განსაკუთრებულია

მინდა, ყველას მოგილოცოთ ძალიან წარმატებული ოლიმპიადა. ჩვენ ერთი თვის წინ შევიკრიბეთ აქ და ყველას გისურვეთ წარმატებები ოლიმპიადაზე, მაშინ გამოვთქვით რწმენა, რომ ეს ოლიმპიადა იქნებოდა ყველაზე წარმატებული ჩვენს ისტორიაში და ეს მართლაც ასე მოხდა, რაც არის წარმოუდგენელი შედეგი.

საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი - სამი ოქროს, სამი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი და ამით საქართველო გავიდა პირველ ადგილზე გუნდურ ჩათვლაში, რაც კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოგილოცოთ.

ჩვენ გავედით 24-ე ადგილზე მსოფლიოში, ესეც არის საუკეთესო შედეგი. ესეც არის მთლიანად გუნდის, თითოეული სპორტსმენის, მწვრთნელებისა და  პერსონალის დამსახურება. ეს არის ოლიმპიური კომიტეტის დამსახურება და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისათვის. ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება. 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს გუნდს არ ჰყავდა არცერთი ნატურალიზებული სპორტსმენი. თქვენ ხედავდით, რომ არაერთი ქვეყანა ფონს გადიოდა სწორედ ნატურალიზებული სპორტსმენებით, ჩვენ შემთხვევაში მთლიანად ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები და ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად არის დასაფასებელი ის წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ...

მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პრიზიორები, ჩემპიონები წარვადგინეთ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ჩემპიონების შემთხვევაში, ეს არის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, ეს არის პრიზიორებისთვის ღირსების ორდენი და დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, წინასწარ მინდა, თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები. ვფიქრობ, ეს არის ის ტრადიცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ფასი აქვს იმ ჯოლდოებს, რომელთაც თქვენ იღებთ სპორტულ ასპარეზობებზე, თუმცა სახელმწიფო ჯილდოს აქვს სხვა ფასი და მე ვფიქრობ, მომავალშიც ამ ტრადიციას აუცილებლად ასე გავაგრძელებთ.

კიდევ ერთხელ ყველას მინდა, მოგილოცოთ. მადლობა გადაგიხადოთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს, თითოეულ სპორტსმენს, რომელიც იყო წარმოდგენილი ჩვენს ოლიმპიურ გუნდში...

...ჩვენ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთის გვერდში დგომას, ერთმანეთის გამხნევებას და სწორედ ასეთი სულისკვეთება იყო ჩვენს ოლიმპიურ გუნდში, რასაც ყველა ვხედავდით, ერთმანეთს ამხნევებდით, ქომაგობდით. აქედან გამომდინარე, 28-ვე სპორტსმენის წვლილი საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული და დიდი მადლობა ყველას ამისათვის. მითუმეტეს რომ, ამ გუნდში წარმოდგენილნი იყვნენ ჩვენი განსაკუთრებით ღვაწლმოსილი სპორტსმენები. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ქალბატონი ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათედ იყო წარმოდგენილი ოლიმპიადაზე და არა ერთგზის იყო ჩვენი გუნდის მედროშე. ქალბატონი ნინო არის ოლიმპიური ჩემპიონი, სამივე სინჯის მედლის მფლობელი, მრავალგზის მსოფლიო, ევროპის ჩემპიონი და, რა თქმა უნდა, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს შენს გუნდში, წარმატება უფრო იოლია. ასევე ცალკე მინდა ვახსენო ლაშა შავდათუაშვილი, ასევე სამივე სინჯის მედლის მფლობელი და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. ასეთი თანაგუნდელებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბევრად უფრო მარტივია წარმატება.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ წვლილის დასაფასებლად, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ჩვენს გუნდში,

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კომენტარები