დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 115 ჯარისკაცი დაიბრუნა. რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში ეს 55-ე ტყვეთა გაცვლას წარმოადგენს.
"დღეს სახლში კიდევ 115 ჩვენი მცველი დაბრუნდა. ისინი ეროვნული გვარდიის, შეიარაღებული ძალების, საზღვაო-საომარი ძალებისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები არიან. [...] ეს რუსული ტყვეობიდან ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებასთან გვაახლოებს. მადლობა ჩვენს გუნდსა და პარტნიორებს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს იმისთვის, რომ ჩვენები სახლში ბრუნდებიან". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის სამხედრო ტყვეების საკოორდინაციო შტაბის ცნობით, 115-ვე დაბრუნებული ტყვე ახალწვეულია.
გარდა ამისა, საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, დაზიანებებისა და რუსეთის მხარის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის გამო გათავისუფლებული ტყვეების დიდ ნაწილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.
"მრავალ გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედროს დაზიანებებისა და რუსეთის მხრიდან ტყვეების შესახებ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების გაუთვალისწინებლობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ყველა მათგანს სამედიცინო გამოკვლევა და სათანადო მკურნალობა ჩაუტარდებათ, ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ, საზოგადოებაში რეინტეგრირდებიან და დამსახურებულ ანაზღაურებასაც მიიღებენ". - წერია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.





