სოფელ ჭორვილასთან ჭიათურიდან ჩასული აქციის მონაწილეები და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების გაჩერების და ჯორჯიან მანგანეზისგან კომპენსაციების მიღების მოთხოვნით, ჭიათურიდან ჩასულები აქციის გამართვას ბიძინა ივანიშვილის სახლთან გეგმავდნენ. თუმცა, ჭორვილაში მცხოვრებებმა აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს.
"არ მინდა, რომ დაირღვეს ის სიმყუდროვე, რაც ჩვენს სოფელს აქვს. იმ კაცმა იმხელა სიკეთეები აკეთა და იმდენი რამე აკეთა, არანაირი უფლება არ გვაქვს არცერთ ჩვენთაგანს, რომ აქ ვინმე იმის სალანძღავად შემოვიდეს ტელევიზიით" - ამბობს ჭორვილის მცხოვრები.
სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი აქციებს 165 დღეა, მართავს. მათი მტკიცებით, მანგანუმის მოპოვების შედეგად მიწა ცურავს, რის გამოც დაიბზარა საცხოვრებელი სახლები და ეკლესია. ასევე, ისინი ირწმუნებიან, რომ კომპანიას ზარალი რამდენიმე თვის წინ უნდა აენაზღაურებინა, თუმცა, პირობა დაარღვია. ჯორჯიან მანგანეზის მტკიცებით კი, ადამიანებს, რომლებიც მაღაროების ბლოკირებას ახდენენ, კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ და დამატებით თანხებს ითხოვენ.
"რადგან ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს სახელმწიფოს, მივდიოდით, რომ ხმა მიგვეწვდინა, სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიგზავნა დაგეშილი მონები და ეს ხალხი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აქცია ჩავატაროთ" - ამბობს ჭიათურიდან ჭორვილაში ჩასული მოქალაქე.
აქციის მონაწილეები შუქრუთში უკვე დაბრუნდნენ.





