ოკუპირებული აფხაზეთი

ჩემი განცხადება TV პირველის ჟურნალისტმა დაამახინჯა, არ ჩამორჩა პრეზიდენტიც – ოდიშარია

ქართული ოცნების წევრის, ბექა ოდიშარიას თქმით, დაკავებულ პირებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული კომენტარი ტვ პირველის ჟურნალისტმა, "პირადი წყენიდან და არაპროფესიონალიზმიდან" გამომდინარე, დაამახინჯა.

ოცნების დეპუტატმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ასევე დაადანაშაულა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოდიშარიას განცხადებაზე მის გამოხმაურებას "უტაქტო და უადგილო უწოდა".

"დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და ფეიკ ნიუსს ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით გამსჭვალული, ზედ დამატებული არაპროფესიონალიზმით და არაკეთილსინდისიერებით გამორჩეული TV პირველის ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის არ ყოფილა ჟურნალისტი, რომელმაც მე ინტერვიუ ჩამომართვა ამ საკითხზე, მან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირადი წყენიდან გამომდინარე, რომელსაც ემატება მისი არაპროფესიონალიზმი და სამწუხაროდ გამოკვეთილი მიდრეკილება დეზინფორმაციის გავრცელებისაკენ შექმნა ნიუსი, რომლითაც დაამახინჯა ჩემი ნათქვამი და გამოხატული პოზიცია.

არ ჩამორჩა პრეზიდენტი, რომელიც ჩემს ამ ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა! ეს ჩვეული "რასპასოვკა" ფეიკ ჟურნალისტების და პრეზიდენტის, თუ კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრების მონაწილეობით არახალია!

ავიწყდებათ ორივე აქტორს, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და ის პეპელაზე ნაკლებ ხანს ცოცხლობს.

აი, მატყუარას და ცილისმწამებლის იარლიყი კი ადამიანს დიდხანს მიყვება ცხოვრებაში.

ისმის კითხვა: ვინ არის ახლა ჩვენს შორის მატყუარა და სამარცხვინო?! თავად გავცემდი პასუხს და დავანამუსებდი კიდეც ფეიკ ნიუსის ავტორს და "ტოპკის" ამწევს, ისევე როგორც ამ "სატოპკის" რეალიზატორს, (სამარცხვინოსგან მესმის), მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი რომ ჰქონდეს, რა თქმა უნდა". - წერს ოდიშარია.

"თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისათვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წინაშე, ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ დაუყოვნებლივ გადმოცემული უნდა იქნას საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის". - თქვა უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ორი მოქალაქის დააკვებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას.

​საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოდიშარიას განცხადებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში "სამარცხვინო" უწოდა.

კომენტარები