ოკუპირებული აფხაზეთი

ზურაბიშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ პირებზე ოდიშარიას განცხადება სამარცხვინოა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეპუტატ ბექა ოდიშარიას განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სამარცხვინოს უწოდებს. 

"სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ !!!!

საერთოდ უდანაშაულოობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე. 

ეს როგორც სჩანს ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა. რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ" - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. 

უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას თქმით, "თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისათვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ".

"თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წინაშე, ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ დაუყოვნებლივ გადმოცემული უნდა იქნას საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის" - თქვა ოდიშარიამ. 

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა გალის რაიონში, მეორე ოტობაიას დასახლებაში საქართველოს ორი მოქალაქე გუშინ, 20 აგვისტოს დააკავა.

საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის ცნობით, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

"საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“" - წერია სუს-ის განცხადებაში. 

დაკავებულ მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში ბინადრობის უფლება ჰქონდათ და საქართველოდან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის მსურველებს ეხმარებოდნენ - განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (СГБ) გაავრცელა, რომელშიც "უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკანონო მიგრაციის არხის ჩახშობის" შესახებ საუბრობენ. 

"დაკავებულთა სახლებში აღმოჩენილი იყო F1 ტიპის ყუმბარა, РГД ტიპის ხელყუმბარა, 1 600 გრამის წონის ტროტილი, 45 გრამი პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერება, TNT-ის ბლოკი, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და ასევე დოლარის კუპიურების დასტა". - ამბობენ მარიონეტული რეჟიმის უწყებაში.

კომენტარები