კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს ცესკოს ახალ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილება არა არჩევნების დღეს, არამედ ერთი კვირით ადრე მოხდება.
კოალიციის ერთ-ერთი წევრის, გიორგი სიორიძის თქმით, აღნიშნული დადგენილების შედეგად "სუს-ს ერთი კვირით ადრე ეცოდინება უმნიშვნელოვანესი ფუნქციების მატარებელი ადამიანების ვინაობა, რაც აძლევთ მათ შესაძლებლობას, ზეწოლა და ზეგავლენა მოახდინოს მათზე"
"არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქართული ოცნება ყველაფერს ცდილობს, მიიტაცოს ქართველი ხალხის არჩევანი და გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ქართული ოცნება არის ის ძალა, რომელმაც შექმნა ყველანაირი ბარიერი რათა, სრული კონტროლი ჰქონდეს საარჩევნო პროცესზე, თუმცა ქართველი ამომრჩეველი თავისი აქტიურობით, არჩევნებზე აქტივობით და ნების დაფიქსირების არ მისცემს რუსულ ძალას იმის შესაძლებლობას, რომ შეცვალოს ქართველი ხალხის არაერთხელ დაფიქსირებული ნება და ეს ნება შეეხება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას.
ქართული ოცნება არ მოერიდა ისეთი საარჩევნო რეფორმების გატარებას, რომელმაც ქვეყანას უკან გადაადგმევინათ ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. მან მიიღო ისეთი საარჩევნო რეფორმები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა 9 დათქმას და დააკანონა ერთ პარტიული ცესკო, აირჩია არალეგიტიმური ცესკოს თავმჯდომარე. ახლა უკვე ისეთი ვითარება შეიქმნა ცესკოში, რომ თვითონ ერთპარტიული ცესკო იღებს ქართული ოცნებისთვის სასარგებლო დადგენილებებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო საარჩევნო რეფორმით ცესკოს ოპოზიციონერ წევრებს მოუსპო ეს უკანასკნელი საარჩევნო ბერკეტიც და ახლა დადგენილებების პირებისთვის ოპოზიციონერი წევრების თანხმობა აღარ არის საჭირო.
პარასკევს, ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც უკვე შესაძლებელი ხდება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილება, ერთი კვირით ადრე განხორციელდეს, ვიდრე არჩევნების დღეს. ეს ძალიან საგულისხმოა, რამდენადაც სუს-ს ერთი კვირით ადრე ეცოდინება უმნიშვნელოვანესი ფუნქციების მატარებელი ადამიანების ვინაობა, რაც აძლევთ მათ შესაძლებლობას, ზეწოლა და ზეგავლენა მოახდინოს მათზე.
მე, როგორც ცესკოს წევრმა ცესკოს ამ სხდომაზევე გავაკეთე ჩემი განცხადება. სამართლებრივადაც ეს არის პრობლემური იმიტომ, რომ ამისი უფლებამოსილება ცესკოს არ გააჩნია, თუმცა, ბუნებრივია, ერთპარტიულმა ცესკომ გადაწყვეტილება მიიღო ახლა კოალიცია ძლიერი საქართველო ასაჩივრებს ცესკოს დადგენილებას". - თქვა სიორიძემ.