არჩევნები 2024

საქართველოსთვის: ცესკოს დადგენილება აჩვენებს, რომ "ოცნების" მიზანია არჩევნებით მანიპულირება

ცესკოს მიერ წილისყრის პროცედურის ცვლილებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის განცხადებას ავრცელებს

ცესკოს ახალ დადგენილების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილება არა არჩევნების დღეს, არამედ ერთი კვირით ადრე მოხდება, პარტია საქართველოსთვის ფიქრობს, რომ ეს ზრდის კომისიის წევრებზე ზეწოლის და დაშინების რისკებს, ასევე იმის რისკს რომ ისინი შეიძლება საერთოდ არ გამოცხადდნენ კენჭისყრის დღეს და შეუძლებელს ხდის დამკვირვებლების მიერ დაკვირვებას, ამიტომ მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ. 

"ცესკოს 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილება ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ერთპარტიული ცესკო და ცესკოში გადაწყვეტილებების ერთპარტიულად მიღება ცესკოს მიერ, ხელისუფლების ინტერესების გასატარებლად, საბოლოო ჯამში კი, არჩევნების გასაყალბებლად სჭირდებოდა.

აღნიშნული დადგენილება (რომელიც კენჭისყრის დღეს ფუნქციების განაწილების ნაცვლად ადგენს ფუნქციების კენჭისყრამდე არაუგვიანეს 7 დღით ადრე განაწილების წესს) ქმნის ხელისუფლების მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლის, მათი დაშინების, ფუნქციათა განხორციელებაზე უარის თქმის და კენჭისყრის დღეს საერთოდ არ გამოცხადების იძულების რისკებს. გარდა ამისა, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილებაზე დამკვირებლების მიერ დაკვირვება.

დადგენილების შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ "ოცნების" მიზანია კომისიის არასასურველ წევრებზე ზეწოლის და სხვა უკანონო მეთოდების შედეგად უბნებზე მათი რაოდენობის შემცირება, მათი ფუნქციების საუბნო საარჩევნო კომისიის შედარებით სანდო თავმჯდომარეების მიერ შესრულება და საარჩევნო უბნებთან რიგები გამოიწვიოს. აღნიშნული ხელს შეუწყობს არჩევნებით მანიპულირებას.

პარტია "გახარია-საქართველოსთვის" არჩევნების დაცვის ჯგუფი დღესვე მივმართავთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, განსაკუთრებული ყურადღებთ დააკვირდნენ ამ პროცესს.

აქვე გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიურ თუ სხვა აქტორს კომპანია "სმარტ მატიკთან" დაკავშირებული ინფორმაცია არ გამოიყენონ ამომრჩევლის დასაშინებლად. ოქტომბრის არჩევნებზე გადამწყვეტია ამომრჩევლის მაღალი მონაწილეობა, რამაც ხელისუფლების მიერ წარმოებული გაყალბების კომპლექსური პროცესი უნდა დააზღვიოს". - წერია პარტია საქართველოსთვის განცხადებაში.

კომენტარები