არჩევნები 2024

კობა ნაყოფია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ხდება

კობა ნაყოფია
მთავარი არხი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას კობა ნაყოფია დაიკავებს - ამის შესახებ განცხადება ენმ-ს თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ დღეს, 16 აგვისტოს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

ბოკუჩავას თქმით ხვალ, 17 აგვისტოს, პარტიის ყრილობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კოალიციური გაფართოების საკითხსაც განიხილავს. 

"ორივე საკითხი, ერთის მხრივ "ერთიანობა" ნაციონალური მოძრაობის გაფართოების საკითხი, დამატებითი კოალიციური პარტნიორის, ისევე, როგორც ეროვნული კომიტეტის დაფუძნება და მის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევა იყო გადაწყვეტილებები, რომელსაც პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა სრული შემადგენლობით და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები ჩვენ მივიღეთ კონსენსუსის საფუძველზე, რომელსაც დისტანციურად ასევე უერთდება პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი". - თქვა ბოკუჩავამ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ამ დროისთვის  კოალიციური გაერთიანების საკითხზე ენმ მოლაპარაკებებს ევროპულ საქართველოსთან აწარმოებს.

"ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპულ საქართველოსთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, სხვა საზოგადო მოღვაწეებთან და ეს პროცესი გაგრძელდება საბოლოოდ დიდი ერთიანობის შექმნამდე. 

ხვალ იქნება დაგეგმილი პარტიის ყრილობა და გაჟღერდება ის კონკრეტული გადაწყვეტილებები და შედეგები, რომელიც ამ მხრივ, მოლაპარაკებების თვალსაზრისით მიმდინარეობს სხვადასხვა პარტიებთან და მათ შორის, ევროპულ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთდება შესაბამისი განცხადება". - თქვა ბეჟაშვილმა.

კომენტარები