უკრაინამ რუსეთის ოლქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩამოაგდეს 117 დრონი და 4 ტაქტიკური რაკეტა. უწყება ირწმუნება, რომ 37 უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხივე რაკეტა კურსკის ოლქში უვნებელყვეს, 37 - ვორონეჟის ოლქში, 17 - ბელგოროდის ოლქში, 11 - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, 10 - ვოლგოგრადის ოლქში, 3 - ბრიანსკის ოლქში, 2 - ორიოლის ოლქში, 1 კი - როსტოვის ოლქში.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც დრონების თავდასხმები ჩანს. ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში სევასლეიკის აეროდრომისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია. აფეთქებები ამ რაიონში ისმოდა.
უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ აფეთქებები სამ რუსულ აეროდრომზე ისმოდა: აეროდრომ ბალტიმორზე, სადაც ბაზირებულია Су-34-ები, აეროდრომ ბორისოგლებსკზე, სადაც Су-25-ები არის გაჩერებული, აეროდრომ სავასლეიკაზე, სადაც განთავსებულია МиГ-31К-ები.
ჯერჯერობით უცნობია იერიშების შედეგები.





