2024 წლის აგვისტოს დასაწყისში დიდი ბრიტანეთის ქალაქები არეულობამ მოიცვა. 30 ივლისს საუთპორტში თავდამსხმელი საცეკვაო სკოლაში ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიჭრა და დანით 11 ბავშვი დაჭრა, აქედან სამი გარდაიცვალა. ამ მოულოდნელმა და შემაშფოთებელმა შემთხვევამ ბიძგი მისცა ბრიტანეთის ქალაქებში ანტისაიმიგრაციო, რასისტულ და ძალადობრივ დემონსტრაციებს, რომლის მართვაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ვერ შეძლო. დაპირისპირების ამ დღეებში ქუჩები აშკარად ეთნოსთაშორისი დაძაბულობით იყო სავსე, თუმცა ბრიტანეთის პოლიტიკა წლების მანძილზე ამ ეთნიკური და მრავალშრიანი კონტექსტის იგნორირება და სიტუაციის ევფემიზმებით შეფასება იყო.
საუთპორტში და შემდგომ სხვა ქალაქებში, ჰართლპულში, როტერჰემში, მანჩესტერში, ლონდონში და ალდერშოტში მასობრივი არეულობა პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ საცეკვაო დარბაზზე თავდასხმა პროტესტის საწყისი წერტილი იყო, მთელი ეს პროცესი მასობრივი მიგრაციისადმი ზოგადმა მტრულმა განწყობამ შთანთქა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პოსტერები წარწერებით: “დაადეპორტეთ!”, “შეაჩერეთ ნავები”, “დაიცავით ჩვენი შვილები ნებისმიერ ფასად”. მალევე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუთპორტის თავდამსხმელი მუსლიმი ლტოლვილი იყო, რამაც მასობრივი არეულობის კიდევ უფრო აალება და ესკალაცია გამოიწვია. საუთპორტში დემონსტრანტებმა ადგილობრივი მეჩეთის გადაწვაც სცადეს. 2 აგვისტოს ქალაქ სანდერლენდში დემონსტრანტებმა პოლიციის შენობა დაარბიეს, მის მეზობლად მდებარე შენობა და მანქანები დაწვეს, მეჩეთის გარეთ მობილიზებულ სპეცრაზმს კი ლუდის კასრები და აგურები ესროლეს. ჰალთლპულში პოლიციასთან შეტაკებებისას ისმოდა ღიად ისლამოფობიური და რასისტული ფრაზები და პოლიციის გარდა, მასობრივი ძალადობის სამიზნე მიგრანტებიც იყვნენ.
ამას გარდა, დემონსტრაციებზე ისმოდა ერთ-ერთი მთავარი ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის ფრაზებიც. აქამდე ბრიტანეთსა და ირლანდიაში ანტისაიმიგრაციო დემონსტრაციების დიდი ნაწილი რობინსონის პერსონის გარშემო ორგანიზდებოდა. ამის გამო, ლიბერალმა კომენტატორებმა საუთპორტში და სხვა ქალაქებში მიმდინარე ეს პროტესტები ასევე რობინსონს დაუკავშირეს და ამტკიცებენ, რომ არათუ ტომი რობინსონი თავად ცდილობს მასობრივ პროტესტთან მიკედლებას და პოლიტიკური წონის მოხვეჭას, არამედ ძალადობა პირადად მის მიერაა ორკესტრირებული.
ბრიტანელი ლიბერალები მასობრივი მიგრაციის პოლიტიკის საკითხებს “დეპოლიტიზებული ნარატივებით” ხსნიან, იმის მტკიცებით, რომ ეს არა ვიწრო პოლიტიკური, არამედ გლობალური და ჰუმანისტური პრობლემაა. ამავე დროს, ბოლოდროინდელი არეულობის და ქაოსის პროვოცირებაში ისინი ბრალს სდებენ ბრიტანელ პოლიტიკოსს ნაიჯელ ფარაჯს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, მედიას, კონსერვატიულ პარტიას თუ ლეიბორისტულ პარტიას და ა.შ. ამ დროს კი ყურადღების მიღმა რჩება რეალური და ხელშესახები მიზეზები, რომელთა გამო დემონსტრანტები ქუჩაში გამოდიან და თანდათან მათი აზრებისა და ქმედებების რადიკალიზაცია ხდება, ემპათიურები ხდებიან პოლიტიკური ძალადობის შემთხვევებისადმი და თავადაც მიმართავენ ძალადობრივ ფორმებს. ეს სოციალური დაპირისპირება და ძალადობრივი ფონი ჯდება ეთნიკური კონფლიქტის კონცეფციაში, თუმცა ამ ორი სიტყვის ხსენებას ბრიტანეთში ჯიუტად ერიდებიან. ელაინ ტომასი თავის ესეიში - “შიდაეთნიკური კონფლიქტის დადუმება პოსტიმპერიულ ბრიტანეთში” ხსნის, რომ ევროპაში ბრიტანეთი გამოირჩევა ახალჩამოსული ეთნიკური უმცირესობებისთვის პოლიტიკური უფლებების მარტივად მინიჭებით, როცა ამავდროულად, შიდაეთნიკური დაძაბულობების ჩახშობას მისი იგნორირებით, ტაბუირებით და ამ თემის გამაჟღერებლების სოციალური სანქცირებით ცდილობს.
აგვისტოს არეულობა დიდ ბრიტანეთში ეთნოსთაშორისი დაძაბულობის და სამოქალაქო ქაოსის არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი იქნება. მსგავსი შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაიწყო 2017 წელსაც, მანჩესტერ არენაზე ისლამისტური ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. ასევე, ბრიტანეთის ქუჩებს ახსოვს გამოსვლები უფრო ადრეც, 2001 წელს ბრედფორდში, ოლდჰემში და ბარნლში. ამის მიუხედავად, ბრიტანეთი ბოლო ათწლეულების მანძილზე ცდილობს მულტიკულტურალიზმის და მულტიკულტურულ საზოგადოებებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობას ისე, რომ თვალს ხუჭავს ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან ელემენტზე - ადამიანების ეთნიკურ წარმომავლობაზე.
90-იან და 2000-იან წლებში ტონი ბლერის და გორდონ ბრაუნის მმართველობის პერიოდში გლობალიზაციის ეპოქის ენთუზიაზმით ბრიტანეთის მთავრობა მიზანმიმართულად ცდილობდა თანამედროვე, არა მულტირასობრივი, არამედ მულტიეთნიკური საზოგადოების შექმნას. საინტერესოა, რომ ბოლო 25 წელში დიდ ბრიტანეთში იმაზე მეტი უცხოელი ჩავიდა, ვიდრე ჰასტინგსის ბრძოლიდან ტორი ბლერის პრემიერმინისტრობის პერიოდამდე. 2001 წელს მასობრივი გამოსვლების შემდეგ ტონი ბლერის ლეიბორისტულმა მთავრობამ პოლიტიკა შეცვალა და მულტიკულტურალიზმი პრობლემად იქცა. მაშინ ტონი ბლერის მთავრობამ 5 სხვადასხვა ანგარიში მიიღო, სადაც ხაზგასმული იყო, რომ რასებს შორის ჰარმონიისთვის მულტიკულტურალიზმის დიდი მასშტაბი საფრთხე იყო და საზოგადოების ურთიერთკავშირი და ერთობა მოსალოდნელი რისკების საუკეთესო პრევენციას წარმოადგენდა. მოგვიანებით გახშირებულმა ჯიჰადისტურმა თავდასხმებმა მულტირასობრივი საზოგადოების ჰარმონიის მიღწევის რწმენა ძლიერად შეარყია.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, 2017 წელს ბრიტანეთის მთავრობის კრიზისის მართვის სტრატეგია “კონტროლირებადი სპონტანურობა” იყო, რაც გულისხმობდა წინასწარ ჩატარებულ ზედამხედველობით ოპერაციებს, რელიგიურ ჯგუფებს შორის საერთო ღონისძიებებს და საზოგადოებაში დადებითი გზავნილების, სიყვარულის, თანაგრძნობის, ერთიანობის განცდის და ურთიერთმხარდაჭერის გავრცელებას. ამ პოლიტიკით მთავრობა ძალადობის ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით საზოგადოების რეაქციის რედაქტირებას და პოზიტიური მიმართულებით წარმართვას ცდილობდა. როგორც ცნობილია, ბრიტანული მთავრობა 2017 წელს, ევროპაში ISIS-ის ხშირი ტერორისტული აქტების ხანაში, მომზადებული იყო მოვლენების მსგავსი განვითარებისთვის. ბრიტანეთის მთავრობის კოორდინირებით დაგეგმილი იყო სოციალური მედიის კამპანიები, ე.წ. ჰეშთეგ კამპანიები, დაბეჭდილი იყო პოსტერები და ა.შ. როგორც ჩანს, ამჯერად ბრიტანულმა პოლიტიკამ არ იმუშავა, სახელმწიფოს სიტუაცია ხელიდან დაუსხლტა და ქვეყანა უკონტროლო სპონტანურობამ მოიცვა.
როდესაც საუთპორტში თავდასხმის ადგილას ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი მივიდა, მოსახლეობიდან ისმოდა ბრალდებები და უარყოფითი შეძახილები მისი მიმართულებით. ხალხი მას გადადგომისკენ მოუწოდებდა და საჯარო უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენებაში სდებდა ბრალს. კირ სტარმერი დაახლოებით ერთი თვეა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებს, თუმცა შემთხვევის ადგილას ის მთელ ბრიტანულ პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენდა და კოლექტიური პასუხისმგებლობა მისი სატარებელი აღმოჩნდა.
ბრიტანეთის ოფიციალური რიტორიკა ამ მრავალწლიანი პრობლემის გარშემო მშვიდობიანი მულტიკულტურალიზმის მხარდაჭერის და ულტრამემარჯვენეობასთან ბრძოლის ჩარჩოს არ ცდება. რიტორიკა მუდმივად უგულებელყოფს ბრიტანეთში მცხოვრები არა მხოლოდ მულტიკულტურული, არამედ მულტიეთნიკური და მულტირელიგიური საზოგადოებების მრავალ შრეს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ და სოციალურ კლიმატს აყალიბებს.
საგულისხმოა, რომ ბრიტანული რიტორიკა ეთნიკურობის შრეს უგულებელყოფს არა მხოლოდ უცხოელების, არამედ ბრიტანელობის იდეაშიც, რომელიც ბოლო ათწლეულში უფრო მეტად სამოქალაქო იდენტობად იქცა. საინტერესოა, რომ ბრიტანელობა, როგორც მკვეთრად ეთნიკური ნიშანი, შენარჩუნებულია ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც მეორე ძლიერი ეთნიკური იდენტობა - ირლანდიელობაა და იქ ირლანდიელებისა და ბრიტანელების ეთნიკური დაპირისპირების დიდი ისტორია და მეხსიერება არსებობს.
ბოლო ათწლეულები ბრიტანეთის “კონტროლირებადი ქაოსის” პოლიტიკის მიზანია, თავიდან აირიდოს მოულოდნელი თავდასხმები, მძიმე დანაშაულები და ამით გამოწვეული ზოგადი საფრთხის განცდა, რაც შესაძლოა, ეთნიკურ ნიშანზე აგებული პოლიტიკური პარტიების შექმნაში გადაიზარდოს. ამ პოლიტიკის მიზანია, რომ ბრიტანეთი დარჩეს პლურალისტურ საზოგადოებად, სადაც ეთნიკური კონფლიქტები არსებული პოლიტიკური წესრიგით გადაწყდება. თუ პარტიული პოლიტიკის განმსაზღვრელი ეთნიკური ჯგუფები გახდება, მთლიანად პოლიტიკური ცხოვრება ეთნიკური დაპირისპირებებისა და ურთიერთობების გარშემო იტრიალებს, როგორც ეს დღემდე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხდება.
კირ სტარმერის მიერ საუთპორტსა და მთელ ქვეყანაში კრიზისული სიტუაციის მართვის მცდელობა წარუმატებელი იყო. მთავრობის მხრიდან სიტუაციის მართვის უუნარობამ აჩვენა ბრიტანეთის იდეოლოგიური შებოჭილობა, თამამად და ღიად ებრძოლოს ეთნიკურ დაძაბულობებს. ბოლო მოვლენებამდე არეულობა იყო ლიდსში, სადაც ბოშები პოლიციას და მისი სახით სახელმწიფო პოლიტიკას დაუპირისპირდნენ. ასევე, ორი წლის წინ ქალაქ ლეისტერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ინდოელები და მუსლიმები. ეს შემთხვევები ეთნიკურ კონფლიქტებად შეგვიძლია მოვიხსენიოთ, თუმცა ეს იარლიყი ბრიტანული პოლიტიკური ელიტისთვის ზედმეტად დრამატული და ხისტია.
"თუ თქვენ ადამიანებს კანის ფერის ან რელიგიის გამო დევნით, მაშინ ნებისმიერი მიზეზის მიუხედავად, თქვენ ულტრამემარჯვენეები ხართ". - თქვა სტარმერმა.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით, საზოგადოების ეს ნაწილი ბრიტანეთს არ წარმოადგენს.
"რაც არ უნდა იყოს აშკარა მიზეზი ან მოტივი... ჩვენ არ ვარჩევთ, დანაშაული დანაშაულია და ეს მთავრობა მას შეებრძოლება". - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.
მიგრაციის საკითხს ასევე ვერ განვიხილავთ დემოგრაფიის განხილვის გარეშე. ევროპის ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დემოგრაფიული განვითარება აჩვენებს, რომ ქვეყნებში ახალგაზრდების წილი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ასაკოვანი ჯგუფის რაოდენობას და გრძელვადიან პერსპექტივაში მთელი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე ახდენს გავლენას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც დღეს ევროპული ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, “დაბერებული მოსახლეობაა”. ქვეყნის მოსახლეობაში ახალგაზრდების დიდი წილი ქვეყნის მზარდი და ინოვაციური ეკონომიკის საფუძველია, ამასთან დიდია ისეთი ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ეკონომიკურად სახელმწიფოზე დამოკიდებული არ არიან. ცხადია, საპირისპირო ეფექტი აქვს ქვეყანაში ხანშიშესული მოსახლეობის წილის ზრდას, რაც ბოლო ათწლეულების მანძილზე ევროპაში ხდება. დასავლურ საზოგადოებებში ასევე მკვეთრად შემცირებულია ნაყოფიერების მაჩვენებელიც. ქვეყნების დიდ ნაწილში სიკვდილიანობისა და შობადობის სალდო უარყოფითია და ოჯახების ზომები სულ უფრო იკლებს. კვლევის თანახმად, ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი მოსახლეობის დემოგრაფიული ჩანაცვლებისთვის საჭირო მაჩვენებლის ⅓-ია.
ამ დემოგრაფიული “ნაკლის” აღმოფხვრა გარკვეულწილად მასშტაბური მიგრაციითაა შესაძლებელი, რაც ქვეყანას ეკონომიკისთვის საჭირო სამუშაო ძალით ავსებს. ამასთან ერთად მასობრივი მიგრაცია კულტურულ და ეთნიკურ ცვლილებას გამოიწვევს, რაც ბუნებრივად ზრდის ეთნოსთაშორისი დაძაბულობის რისკებს. ასეთი ტიპის პრობლემას “დემოგრაფიულ ტრილემას” უწოდებენ, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანას სამი მოცემულობიდან - დაბალი შობადობიდან, მზარდი ეკონომიკიდან და მიგრაციის არარსებობიდან შეუძლია მხოლოდ ორის არჩევა, სამივეს ერთდროულად არსებობა კი შეუძლებელია. თუ ქვეყანაში დაბალი შობადობა მოცემულობაა და ხელისუფლებას მზარდი ეკონომიკური განვითარება სურს, მასობრივი მიგრაციის თავიდან აცილება ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს მოცემულობები ცხადყოფს, რომ დიდი ბრიტანეთი სხვა ევროპული სახელმწიფოების მსგავსად ეთნიკური და კულტურული ტრანზიციის პერიოდს ადრე თუ გვიან გაივლის და ბრიტანეთის პოლიტიკური ესტაბლიშმენტის და საზოგადოების გადასაწყვეტია, თუ რა არჩევანს გააკეთებს ქვეყანა “დემოგრაფიულ ტრილემაში”. ჯერჯერობით დაბალი შობადობის ფონზე ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის დიდ მასშტაბს ეყრდნობა.
ბრიტანული მიდგომა მასობრივი მიგრაციისადმი უჩვეულოა როგორც ევროპისთვის, ისე ანგლოსაქსური სამყაროსთვის. ფაქტია, რომ მასობრივი მიგრაცია მოკლე ან საშუალოვადიანი პრობლემა არაა და ის ეპოქის ერთ-ერთ მთავარ დინამიკას წარმოადგენს. შესაბამისად, ბრიტანეთის პოლიტიკურ კლასს ადრე თუ გვიან მოუწევს, მოიხსნას თვალებიდან საბურველი და საკითხის გადაჭრა მოვლენებისა და ფაქტებისადმი თავისი სახელების დარქმევით დაიწყოს.