12 აგვისტოს, საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და ირანის ქმედებებს ეხმიანება.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდეს "ირანს და მის მოკავშირეებს თავი შეიკავონ თავდასხმებისგან". განცხადების თანახმად, ისინი ეთანხმებიან შუამავლებს: აშშ-ს, ეგვიპტესა და კატარს, რომ "შეუძლებელია ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების გათავისუფლებაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე სამომავლო მოლაპარაკებების შეფერხება".
ირანს "დაეკისრება პასუხისმგებლობა" ისრაელის წინააღმდეგ მიტანილი ნებისმიერი დარტყმისთვის, რომელიც "კიდევ უფრო გაამწვავებს რეგიონში დაძაბულობას" და საფრთხეს შეუქმნის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შანსებს.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო და ერთიანი ვართ რეგიონში დეესკალაციისა და სტაბილურობის ძალისხმევაში. ამ კონტექსტში, და კერძოდ, ჩვენ მოვუწოდებთ ირანსა და მის მოკავშირეებს თავი შეიკავონ თავდასხმებისგან, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას და საფრთხეს შეუქმნის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობას. ისინი [თავდამსხმელები] პასუხისმგებელნი იქნებიან იმ ქმედებებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის ამ შესაძლებლობას. არც ერთი ქვეყანა ან ერი არ მოიგებს ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის შედეგად". - ნათქვამია განცხადებაში.





