საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს შეხვდნენ და "შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივების გამო, რამაც გამოიწვია ღირსეული პარტნიორის წვრთნების გადადება."
საელჩო წერს, რომ შეხვედრაზე მათ ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების უნიკალურ სიტუაციაზე და რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე.
"ასევე, მტკიცე კავშირებზე და თანამშრომლობაზე, რომელიც ამერიკულ და ქართულ ძალებს შორის გრძელდება. მათ დაადასტურეს შეერთებული შტატების ერთგულება, გააძლიეროს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობები." - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. იმავე დღეს, შაჰინი და ტერნერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
10 აგვისტოს კი, შაჰინმა და ტერნერმა შეხვედრები გამართეს ჯერ არასამთავრობო სექტორთან, შემდეგ კი საქართველოს პრემირმინისტრთან.
5 ივლისს პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობის გადახედვის ფარგლებში და დასავლეთის მიმართ ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების ფონზე, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი 2024. ღირსეული პარტნიორის სწავლებები ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელი სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის მონაწილეობით პერიოდულად ტარდებოდა.
"30 მაისს აშშ-ს მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის სრული გადახედვა დაიწყო. ღირსეული პარტნიორის გადადების გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებს შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლელი სუბიექტების მიმართ, თითქოს საქართველოს აიძულებდნენ გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთთან, რათა შემცირებულიყო ზეწოლა უკრაინის მიმართ და თითქოს, [რედ. დასავლეთი] მონაწილეობდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში. შესაბამისად, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეუფერებელი დროა საქართველოში ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად." – ეწერა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.





