საქართველო-აშშ

მთავრობა: შაჰინთან და ტერნერთან პრემიერმა აღნიშნა ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობა

ირაკლი კობახიძე სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნეს შეხვდა. 10 ივლისი, 2024 წელი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, "შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე."

"მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღების აუცილებლობას და ამისთვის ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და საიმედო მოკავშირედ და იმედოვნებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების დადებით დინამიკას დაუბრუნდება." - წერს საქართველოს მთავრობა.

შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრას X-ზე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე

"საინტერესო შეხვედრა მქონდა აშშ-ის სენატორ ჯინ  შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, სადაც  საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისურთიერთობები განვიხილეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა  ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა  გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები და ხელი შევუწყოთ მეტგანვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ." - წერს პრემიერმინისტრი.


სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. იმავე დღეს, შაჰინი და ტერნერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

10 აგვისტოს კი, პრემიერმინისტრთან შეხვედრამდე, ამერიკიდან ჩამოსული დელეგაცია არასამთავრობო სექტორს ესაუბრა.

კომენტარები