რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, კურსკის ოლქში მდებარე რილსკის რაიონში მოსახლეობის ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ თავდაპირველად რაიონის გამგებელმა, ანდრეი ბელოუსოვმა ტელეგრამ-არზე დაწერა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა. ევაკუაცია, სავარაუდოდ, კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს უკავშირდება, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
"იმისათვის, რომ რეგიონის მცხოვრებების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს, კურსკის ოლქის სამმართველომ გადაწყვიტა რეგიონის საზღვრისპირა არეებში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოაცხადოს. ადგილობრივებს შეუძლიათ ტერიტორია თავიანთი ავტომობილებით ან რისლკის რაიონის გამგეობის მიერ უზრუნველყოფილი ავტობუსებით დატოვონ" - რუსული ტელეგრამ-არხებსა და გამოცემებზე დაყრდნობით, დაწერა რილსკის რაიონის გამგებელმა ტელეგრამზე.
ამავე წყაროების ცნობით, ბელოუსოვმა პოსტში ასევე აღნიშნა, რომ [უკრაინასთან] საზღვრისპირა ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის რეგიონის უსაფრთხო ზონებში დროებითი განსახლების პუნქტებიც მოეწყო.
"შემდეგ დღეებში რილსკის რაიონის ადმინისტრაცია და სხვა სამმართველოები საგანგებო მდგომარეობაში იმუშავებენ" - ზემოხსენებული წყაროების ცნობით, დაწერა ბელოუსოვმა ტელეგრამზე.
ცნობისთვის, 6 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში მდებარე კურსკის ოლქის საზღვარი გაარღვიეს. 7 აგვისტოს დილით გავრცელებული ცნობებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
ასევე, გავრცელებული ცნობებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში მდებარე ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი დაამყარეს, მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო გაზის გამანაწილებელ სადგურ Суджа-ზე.
როგორც ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე Z ბლოგერები წერენ, 8 აგვისტოს მონაცემებით უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქში მდებარე კორენოვოს დასახლებამდეც მიაღწიეს.
პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის დაკავებას "პროვოკაცია" უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა და კრემლის პროპაგანდისტმა, მარია ზახაროვამ კი საერთაშორისო თანამეგობრობას "კიევის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების მტკიცედ დაგმობისკენ მოუწოდა".





