საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება, რადგან არსებობს "გარკვეული ეჭვი უკანონო ტყით სარგებლობასთან დაკავშირებით".
კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი უახლოეს დღეებში პარლამენტში დაინიცირდება.
"ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით საუბარი გვქონდა ერთ-ერთ სამთავრობო სხდომაზე და აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია სანქციების გამკაცრება ამ სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს გარკვეული ეჭვი უკანონო ტყით სარგებლობასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ მივიღოთ პრევენციული ზომები, მნიშვნელოვანია სანქციების გამკაცრება. ჩვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას.
კობახიძის ცნობით, ცვლილებები შევა როგორც სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
"ცვლილებები მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევაზე მკაცრდება სანქცია - 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იყო და ახლა განისაზღვრება 1-დან 3 წლამდე.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი, 287-ე სეკუნდა მუხლი, რომელიც ეხება სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის, იგივე მორის განთავსებას. ამ სამართალდარღვევისთვის აქამდე იყო გათვალისწინებული მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ახლა უკვე განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაზეა საუბარი, თუ დიდი ოდენობით ხდება მრგვალი ხე-ტყის უკანონოდ განთავსება, ამ შემთხვევაში, 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის გათვალისწინებული.
ასევე, სანქციები მკაცრდება მერქნული მცენარის უკანონო დაჩეხასა და დამზადებაზე. ცვლილებებით ასევე დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნული მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხისთვის, 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება გათვალისწინებული. ასევე, სანქციები მკაცრდება მრგვალი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებაზე. აქაც არის მკაცრი სანქცია - 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა". - თქვა პრემიერმა.