ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დანიამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო, შეაჩერა ახალი პროგრამების მხარდაჭერა და "4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან".
"[ქართულმა ოცნებამ] მიუხედავად საკუთარი ხალხის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა, მიიღო რუსული კანონი. ჩვენ შედეგად ვნახეთ თუ როგორ დაირღვა კონსტიტუციის 78-ე მიუხლი, რამდენადაც ქართულმა ოცნებამ NATO-სა და ევროკავშირის კარები თავად გამოაჯახუნა.
ჩვენ ვნახეთ ყველაზე მძიმე შედეგი ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის, როდესაც აშშ-მ გააუქმა მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლება და ევროკავშირმა 30 მილიონი ევრო გაყინა ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის და მე დღემდე არ მიმიღია პასუხი თავდაცვის მინისტრისგან ამასთან დაკავშირებით.
დღეს მინდა გაგიზიაროთ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი ჩემს კითხვაზე დანიის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვაზე, სადაც პირდაპირ წერია, რომ დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა, დანიამ ასევე შეაჩერა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონი დანიური კრონა გახლდათ. ამასთან ერთად, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღისწესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი დანიასა და საქართველოს შორის". - თქვა აქუბარდიამ.
9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა. ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და საქართველოს მთავრობისადმი მხარდაჭერა შემცირდება, მათთვის განკუთვნილი თანხებით კი მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის დახმარებას შეეცდებიან.
"ეს მართლაც სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რადგან ამავდროულად, ჩვენ სწრაფად მივიწევთ წინ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს ევროკავშირმა დაიწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახლადშექმნილი მთავრობა, როგორიც არ უნდა იყოს, კვლავ დაიწყებს სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით". - თქვა ჰერჩინსკიმ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვისა და ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო.





