2024 წლის პარიზის ოლიმპიადა

სენას წყლის ხარისხის გამო კაცთა შორის ტრიათლონის ოლიმპიური შეჯიბრი ერთი დღით გადაიდო

Getty Images

კაცთა შორის შეჯიბრი ტრიათლონში, რომელიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ფარგლებში დღეს, 30 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, ერთი დღით გადაიდო, რადგან მდინარე სენაში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ წყლის ხარისხი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. 

"სენაში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ წყლის ხარისხი არ იძლევა ღონისძიების ჩასატარებლად საკმარის გარანტიას. [...] წყლის ხარისხის დონის გაუმჯობესების მიუხედავად, საცურაო გზის გარკვეულ წერტილებში მაჩვენებლები მისაღებ ზღვარს აღემატება". - აცხადებს ტრიათლონის საერთაშორისო ფედერაცია.

გადადებული ღონისძიების ჩატარება ხვალ, ქალთ შორის ტრიათლონის შემდეგ ადგილობრივი დროით დილის 10:45-ზე იგეგმება.

მდინარე სენაში ცურვა 100 წლის განამვლობაში აკრძალული იყო, თუმცა ოლიმპიადის წინ ორგანიზატორებმა დაახლოებით 1.4 მილიარდი ევრო დახარჯეს, რათა მდინარე მოცურავეებისთვის უსაფრთხო ყოფილიყო. თუმცა, სავარაუდოდ, ბოლო დღეებში წვიმიანმა ამინდმა წყლის ხარისხზე იმოქმედა.  

მანამდე, სენას სისუფთავისა და უსაფრთხოების შესახებ ეჭვების საპასუხოდ პარიზის მერმა ან იდალგომ მასში თავად გაცურა. 

კომენტარები