საქართველო-ევროკავშირი

EU-ს საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა, ანუ ცხადზე უცხადესი, მაგრამ შეუსრულებელი პირობა

საქართველო-ევროკავშირი

EU-ს საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა, ანუ ცხადზე უცხადესი, მაგრამ შეუსრულებელი პირობა

2023 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველომ გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად პირობების განახლებული ჩამონათვალი მიიღო. 9 რეკომენდაცია მოიცავს ახალ და კვლავ შესასრულებელ ძველ მოთხოვნებს, რომლებიც ინტეგრაციის გზაზე შემდგომი წინსვლისთვის უნდა შესრულებულიყო.

არაერთ ნაცნობ საკითხთან ერთად სიაში გამოჩნდა სრულიად ახალი მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მქონე ქვეყნისთვის ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ევროკომისიამ მისი ცალკე გამოყოფის აუცილებლობა დაინახა: საქართველოს ხაზგასმით დაევალა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) თანხვედრის გაუმჯობესება.

რატომ გაიცა და რას გულისხმობს რეკომენდაცია

საქართველოსთვის მიცემულ 9 რეკომენდაციაში 2 სრულიად ახალ პირობას შორის ერთი ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლას შეეხებოდა, ხოლო მეორე სწორედ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის გაუმჯობესებას. საინტერესოა, რომ ორივე პირობა და მათი განმარტება თავის მხრივ მოიცავდა გასული წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და გადადგმული ნაბიჯების კრიტიკას. შესაბამისად, შესაძლოა ითქვას, რომ ორივე რეკომენდაცია სწორედ ხელისუფლების ქმედებებით იყო განპირობებული და მათ შორის მათ შეჩერებას გულისხმობდა.

ვრცლად დეზინფორმაციის რეკომენდაციასა და ხელისუფლების ნაბიჯებზე წაიკითხეთ: როცა დეზინფორმაციასთან ბრძოლას გთხოვენ, შენ კი მისი მთავარი შემოქმედი ხარ

2023 წლის ნოემბერში ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას თან მოჰყვა ვრცელი ანგარიში ქვეყნის წინსვლასა და წარუმატებლობებზე.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ, მაგალითად, საქართველოს პოლიტიკა არ შეესაბამება ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს და განსაკუთრებით დაწესებულ სანქციებს, შესაბამისად, არც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებს. 

"2023 წლის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, აღედგინა ფრენები რუსეთთან, ასევე გამოიწვია შეშფოთება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის შესახებ". - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ევროკომისიის ცნობით, გასულ წელს საქართველოს თანხვედრა ბლოკის პოლიტიკასთან და გადაწყვეტილებებთან 1%-ით შემცირდა და 43% შეადგინა.

ევროკომისია უსვამდა ხაზს, რომ საკითხი არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ევროკავშირის მიერ ირანის, თურქეთისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მიმართ მიღებულ ზომებსაც ეხებოდა, რომლებთანაც საქართველო შესაბამისობაში არ მოდის.

ევროკავშირი საქართველოსგან მოელოდა, რომ გაზრდიდა ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში გადაწყვეტილებების მხარდაჭერას. ეს მათ შორის გულისხმობდა ხელისუფლების მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებებისა, ქმედებების ან განცხადებებისგან თავის შეკავებას, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ცალკეც აღნიშნა საქართველოს საგარეო ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით ჩინეთთან. ევროკავშირი მოელოდა, რომ როგორც ქვეყნის, რომელიც ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას, სტრატეგიული პარტნიორობა მსგავს ქვეყნებთან ევროკავშირის პოლიტიკასთან სრულად თანხვედრაში უნდა ყოფილიყო.

რეკომენდაცია მოიცავდა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში აქტიურად მონაწილეობას და სტრატეგიებთან დაახლოებას.

რა (არ) გააკეთა ხელისუფლებამ

რეკომენდაციის გაცემიდან რამდენიმე კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც მოიცავდა პირობების შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალს. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოების რეკომენდაციის შესასრულებლად მთავრობამ საკმარისად მიიჩნია ჩანაწერი, რომ ისინი გაზრდიდნენ ძალისხმევას, რათა საქართველოს ტერიტორია არ გამოყენებულიყო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.

12 არასამთავრობო ორგანიზაციის შუალედური შეფასებით, რეკომენდაცია, რომელიც ფორმალურად ყველაზე მარტივი შესასრულებელი უნდა ყოფილიყო, ქართულმა ოცნებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის განცხადებებზე შეერთების საერთო მაჩვენებელი გაზრდილია, მკაფიოდ იკვეთება საქართველოს მთავრობის უკიდურესად ფრთხილი და დასავლეთთან არასოლიდარული პოზიცია განსაკუთრებით რუსეთთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად არ რეაგირებს რუსეთის მიერ ჩადენილ საერთაშორისო სამართლის (ჰუმანიტარულის ჩათვლით) დარღვევებზე.

ამასთან, საქართველოს ხელისუფლება არ იჩენს სოლიდარობას ასოცირებული ტრიოს პარტნიორების მიმართ და არ უერთდება უკრაინის და მოლდოვის მხარდამჭერ ევროკავშირის განცხადებებს, ან ნაბიჯებს.

ორგანიზაციების შეფასება ეყრდნობა ფაქტებს, რომ მხოლოდ 2024 წლის დაწყების შემდეგ:

  • საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის არცერთ გადაწყვეტილებას, რომლითაც წესდება სანქციები იმ კერძო, ან იურიდიულ პირებზე, რომლებიც ძირს უთხრიან, ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, იწვევენ უკრაინის დესტაბილიზაციას, ან ხელს უწყობს რუსეთის ეროვნული ბანკის, ან ეროვნული კეთილდღეობის ფონდის სასარგებლოდ ნებისმიერი სახის ტრანზაქციას;
  • საქართველო არ შეუერთდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვდა უპირობოდ გაეთავისუფლებინა ვლადიმერ ყარამურზა, ილია იაშინი, ალექსეი ნავალნი და სხვა უკანონო პატიმრები;
  • საქართველო ასევე არ შეუერთდა ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას;
  • საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებების სასანქციო რეჟიმის ფარგლებში მიღებულ 2024 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლითაც ევროკავშირმა დაგმო რუსი ოპოზიციონერის ვლადიმერ ყარამურზას წინააღმდეგ კრემლის სასამართლოს მიერ გამოტანილი პოლიტიკურად მოტივირებული 25 წლიანი განაჩენი და სანქციები დაუწესა რუსეთის ოთხ მოქალაქეს და ერთ ორგანიზაციას;
  • საქართველო ასევე არ შეუერთდა სანქციებს იმ მოქალაქეების და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც ეწევიან ძირგამომთხრელ საქმიანობას მოლდოვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ასე შემდეგ.

რეკომენდაციის ნაწილობრივ შესრულების შეფასება ეყრდნობა ხელისუფლების სულ რამდენიმე ნაბიჯს, მათ შორის შეერთებას ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან, რომელიც გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის მიზნით ძალის გამოყენებას და შემზღუდველ ზომებს უწესებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებს. თუმცა ამგვარი პოზიტიური ნაბიჯების კიდევ პოვნა რთულია.

ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან და განცხადებებთან თანხვედრის მიღმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ თავად საქართველოს ხელისუფლებამ რა ნაბიჯები გადადგა საგარეო პოლიტიკის წარმართვისთვის მას შემდეგ, რაც რეკომენდაცია მიიღო.

შეიძლება ითქვას, რომ 2023 წლის გაზაფხულზე უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონის მიღების მცდელობა ერთ-ერთი მიზეზი იყო, თუ რატომ დასჭირდა ევროკომისიას ხაზი გაესვა საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესების აუცილებლობაზე. კანონი სწორედ საგარეო პარტნიორების დემონიზებას ემსახურება.

შესაბამისად, 2024 წელს მეორე მცდელობით კანონის საბოლოოდ მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს კიდევ უფრო დააშორა. ამას ადასტურებს ისიც, რომ ევროკავშირს უცხოური გავლენების შესახებ მსგავსი არასწორი ინტერპრეტაციით მიღებული კანონის მიღებისა და შესაბამისი რეაგირების გამოცდილებაც აქვს. 

უნგრეთმა საზღვარგარეთიდან მხარდაჭერილი ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონი 2017 წელს მიიღო. კრიტიკის ფონზე ევროკომისიამ 2017 წელსვე კანონი მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ გადაწყვეტილება 2020 წელს გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ უნგრეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობაზე ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის საგარეო პოლიტიკას არ შეესაბამება.

გარდა ამისა, ევროკავშირის ლიდერებმა, განსაკუთრებით საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა თავად არაერთხელ თქვა, რომ კანონი საქართველოს აშორებს ევროკავშირს და მის პოლიტიკას.

საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრის გაუმჯობესება მხოლოდ რეკომენდაციის ერთი ნაწილია და ის ასევე მოიცავს უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოების შესახებ ნაწილსაც. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ევროკავშირი ამ საკითხში საქართველოს წინსვლას დადებითად აფასებდა, რუსული კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი €30 მილიონი გაყინა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში პოლიტიკის შეუთავსებლობაზე. 

საგარეო პოლიტიკის თანხვედრაზე კონკრეტულ რეკომენდაციას ასევე წინ უძღოდა 2023 წელს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებაც. ეს ნაბიჯი მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასთვის, ვისაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი დასავლეთში ეგულება და არა შორეულ აღმოსავლეთში.

"როგორც ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნისგან, ველით, რომ საქართველო უზრუნველყოფს [ჩინეთთან] სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ნაწილის შესაბამისობას ევროკავშირის წესებთან, პოლიტიკასთან და ვალდებულებებთან. ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისგან ველით, რომ თანდათან დაუახლოონ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ბლოკს". - ამბობდა ჯოზეფ ბორელი.

პარალელურად, რეკომენდაციებში მუშაობის ნაცვლად პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მკვლელობის მუქარაშიც ადანაშაულებდა

"ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო". - ამბობდა კობახიძე, რასაც საბოლოოდ დამაბნეველი გამართლებაც მოჰყვა.

ყველაფერი საბოლოოდ იმით დაგვირგვინდა, რომ ევროკავშირის ელჩის თქმით, ამჟამად საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არათუ არ შეუსრულებია პირობები, მათბ შორის საგარეო პოლიტიკის დაახლოება, არამედ მათ წინააღმდეგ წავიდა. ამაში ყველაზე დიდი როლი, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღებამ და ამით დასავლელი საგარეო პარტნიორების დემონიზების მცდელობამ ითამაშა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და საქართველო

საქართველოსთვის განახლებული რეკომენდაციების მიცემის შემდეგ ცვლილებები თავად ევროკავშირშიც მოხდა. 2024 წლის გამართული ევროპარლამენტის არჩევნების პირობებში არსებობდა მოლოდინი, რომ გაფართოების საკითხები ევროკავშირის დღის წესრიგში უკანა პლანზე გადაიწევდა, გაძლიერებული მემარჯვენეების პირობებში კი სულაც დაკარგავდა აქტუალობას.

სინამდვილეში მდგომარეობა რადიკალურად სულაც არ შეცვლილა. ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ სწორედ არჩევნების პერიოდშივე დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას - მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება უცხოური გავლენების შესახებ რუსულ კანონს იღებდა.

მიუხედავად გაფართოების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მემარჯვენეების მხარდაჭერის ზრდისა, ბლოკში აღმასრულებელ თანამდებობაზე კვლავ ის ძალები რჩებიან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს აქტიურად უჭერდნენ. ყველაზე დიდი მხარდაჭერა კვლავ ევროპის სახალხო პარტიას (EPP) აქვს, ხოლო ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს.

ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ არც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, შესაბამისად, მოთხოვნები კვლავ შეუცვლელი დარჩება საქართველოსთვისაც. თავად ევროპარლამენტის არჩევნები და თანმდევი პროცესები საქართველოზე რაიმე დიდ გავლენას არ ახდენს. მთავარი საკითხი კვლავ ქართული ოცნების მთავრობის პოლიტიკა და საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, არჩევნები იქნება.

ხელისუფლების ანტიდასავლური გადაწყვეტილებები არათუ უბიძგებს ევროპელ ლიდერებს, რომ გამონახონ დრო მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მისაღებად, არამედ, პირიქით, სადამსჯელო ღონისძიებებზე იმუშაონ.

უახლოს პერიოდში, უნდა დასახელდეს ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ახალ უმაღლეს წარმომადგენელს ექნება. ცნობილია, რომ ამ თანამდებობაზე ჯოზეფ ბორელს ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კაია კალასი ჩაანაცვლებს.

კალასი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია. ის კრიტიკულად აფასებდა ქართული ოცნების ხელისუფლების მოქმედებებს, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში და მას ევროკავშირთან დაშორების მცდელობას უწოდებდა. 

გასულ წელს, რუსული კანონის მიღების პირველი მცდელობისას კალასმა საქართველოს მდგომარეობა შეაფასა როგორც "არჩეულ ლიდერთა ხელებში დემოკრატიის გამოფიტვა". შესაბამისად, სავარაუდოა, რომ კალასის, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის პოზიციონირება საქართველოსა და მისი ხელისუფლების ქმედებების მიმართ საკმაოდ კრიტიკული იქნება.

სტატიის ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი

კომენტარები