EU-საქართველო

ბორელი: საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს

ჯოზეფ ბორელი
European Union

24 ივნისს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს შორის შეხვედრა გაიმართა. სხვა ძირითად საკითხებთან ერთად მინისტერიალზე საქართველოში მიმდინარე პროცესები, მიღებული რუსული კანონი და შესაძლო შემზღუდველი ზომები განიხილეს.

"სამწუხაროა, რომ არის გავრცელებული დეზინფორმაცია ევროკავშირის შესახებ. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს უმაღლესი დონის პირებისგან მტკიცება, რომ ეს კანონი უფრო აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. მინდა ცხადად ვთქვა: არა. არა. ეს კანონი და მისი უარყოფითი განვითარებები საქართველოს აშორებს ევროკავშირს. უფრო ცხადი და ლაკონური ვერ ვიქნები, ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირს" - თქვა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე. 

პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა ამ პოლიტიკას არ შეცვლის საქართველოს გზა ევროკავშირისკენ არ განვითარდება. 

ბორელის თქმით, საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე ამ შეფასებას მხარი დაუჭირა ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 26-მა, თუმცა პოლიტიკურ შეფასებებს ერთსულოვნება არ სჭირდება. ჯოზეფ ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ კარგად ესმით საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნება და გააგრძელებენ ქართველი ხალხის არჩევანის მხარდაჭერას, რომელიც დემოკრატიის და ევროკავშირში საქართველოს მომავლის მხარეს გააკეთეს. 

კომენტარები