რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ადიღეს რესპუბლიკაში, ქალაქ მაიკოპში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს.
განცხადების მიხედვით, დაკავებული პირი არის ცენტრალური აზიიდან. უწყების მტკიცებით, ეჭვმიტანილი გეგმავდა მღვდლებისა და დაცვის დახოცვას, შემდეგ კი შენობის დაწვას. ამავე განცხადების მიხედვით, დაკავებული პირი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო.
ФСБ წერს, რომ ტერაქტის მომზადების წინ დაკავებული პირი სამიზნეს ათვალიერებდა, შეადგინა თავდასხმის სქემა და მოიპოვა საჭირო ნივთიერებები აალებადი დანადგარის დასამზადებლად. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მამაკაცი ტერაქტის კამერით გადაღებას და ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის გავრცელებისთვის ინტერნეტში გავრცელებას გეგმავდა. ეჭვმიტანილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის დროშა, დანა და აალებადი დანადგარი.
აღსანიშნავია, რომ 23 ივნისს დაღესტანში მოხდა ტერორისტული თავდასხმა, რომლის დროსაც რადიკალი ისლამისტები თავს დაესხნენ ეკლესიასა და სინაგოგას. იმსხვერპლეს 20-მდე ადამიანი. თავდასხმაში ოლქის გამგებლის შვილები მონაწილეობდნენ.
რუსეთში ბოლო წლებში უდიდესი ტერაქტი რადიკალმა ისლამისტებმა, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები იყვნენ, მოსკოვის მიმდებარედ, კროკუს სითი ჰოლში მოაწყვეს. თავდასხმას 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა თავდამსხმელების კავშირი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან, რუსეთი ცდილობდა, რომ ტერაქტი უკრაინისთვის დაებრალებინა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-ის ხორასნის ვილაიეთმა, იგივე IS-K-მ ან ISIS-K-მ აიღო.





