"ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო. სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით" - პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე აშშ-სა და ევროკავშირის თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერებას გამოეხმაურა.
"მინდა გამოვეხმაურო აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო. სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.
მე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ გასული ოთხი წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე ამ ურთიერთიობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა. ამისთვის ქართული მხარე - ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო არის მზად და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში.
რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით. თუმცა, მე კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები. სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთბების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ამისთვის ვართ თავიდან ბოლომდე მზად" - თქვა კობახიძემ.
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს გააკეთა.
"ეს მართლაც სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რადგან ამავდროულად, ჩვენ სწრაფად მივიწევთ წინ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს ევროკავშირმა დაიწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახლადშექმნილი მთავრობა, როგორიც არ უნდა იყოს, კვლავ დაიწყებს სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით" - თქვა ჰერჩინსკიმ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვისა და ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო.





