რუსეთში დიდი ქრთამის აღების ბრალდებით მოსკოვის პრეობრაჟენსკოიეს რაიონის სამხედრო კომისარი, პოლკოვნიკი სერგეი ტრიგილევი დააკავეს.
დაკავებულია ტრიგილევის ხელქვეითიც. ორივე სამხედრო მოხელე 2 თვით წინასწარ პატიმრობაში დარჩებიან. ქრთამის აღების ბრალი თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
რამდენიმე თვის წინ ტელეგრამ-არხი BAZA წერდა, რომ სამხედრო კომისრები კაცზე 8-10 ათას ევროს იღებდნენ იმისთვის, რომ ახალგაზრდები ჯარში არ გაეწვიათ, თუმცა გაუწვევლობის 100%-იან გარანტიას სამხედრო სამსახურის არიდების მსურველები ფულის გადახდის შემდეგაც ვერ იღებდნენ.
ბოლო რამდენიმე თვეა, რაც რუსეთში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისა და წარმომადგენლების დაკავებები დაიწყო. შეიცვალნენ თავდაცვის სამინისტროს მთავარი მოხელეებიც, მათ შორის ყოფილი მინისტრიც, თავად სერგეი შოიგუც, რომელიც ანდრეი ბელოუსოვმა ჩაანაცვლა.





