NATO-საქართველო

POLITICO: ტრამპი ფიქრობს შეთანხმებაზე, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ში არ შევიდნენ

დონალდ ტრამპი  
MICHAEL HIRSH

POLITICO-ს მტკიცებით, მათთან საუბარში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ჯგუფთან დაახლოებულმა ექსპერტებმა თქვეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც NATO დადებს პირობას, რომ აღმოსავლეთით, კერძოდ უკრაინისა და საქართველოს მიმართულებით არ გაფართოვდება.

POLITICO-ს მიერ გავრცელებული ცნობა ეყრდნობა ტრამპთან დაახლოებულ ექსპერტებს და მას საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანია ჯერ არ გამოხმაურებია.

POLITICO გამოქვეყნებულ მასალაში წერს, რომ ტრამპი, პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, NATO-ს არ დატოვებს, თუმცა დაიწყებს ძირეულ ცვლილებებს.

POLITICO-ს ცნობით, ტრამპთან დაახლოებული ჯგუფის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ აშშ ევროპის ქვეყნების ბირთვული იარაღით დაცვის ვალდებულებას დაიტოვებს, არ გამოიყვანს ავიაციასა და ფლოტს, არ გააუქმებს ბაზებს გერმანიაში, ინგლისსა და თურქეთში, თუმცა კონტინენტზე სამხედროების, არტილერიისა და ლოგისტიკის საკითხი სრულად ევროპული სახელმწიფოების პასუხისმგებლობა გახდება. შესაბამისად, ამ გეგმის მიხედვით ამერიკის ძირითადი როლი ევროპის კონტინენტზე, ბირთვული ფარის ქვეშ მოქცევის გარდა, მხოლოდ კრიზისულ მომენტებში ჩართვა იქნება.

ამას გარდა, POLITICO ამავე წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი განიხილავს იმ გეგმასაც, რომლის მიხედვითაც ქვეყნები, რომლებიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე არ დახარჯავენ, ვერ ისარგებლებენ აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიით.

საქართველოსა და უკრაინის NATO-ში მიღებაზე უარის ცნობასთან დაკავშირებით POLITICO წერს, რომ მათ ამაზე ესაუბრა ტრამპთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების ორი ექსპერტი, რომლებმაც იციან, თუ რას ფიქრობენ პრეზიდენტობის კანდიდატის შიდა წრეში.  მათი თქმით, ტრამპი ამჟამად განიხილავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმების დადებას, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, რომელი ქვეყნების მიღება იქნება შესაძლებელი NATO-ში, რაც კონკრეტულად უკრაინასა და საქართველოს შეეხება. როგორც POLITICO წერს: "ასეთი გეგმა გააუქმებს NATO-ს ბუნდოვან დაპირებას უკრაინის გაწევრიანების შესახებ - პოლიტიკას, რომელსაც ბაიდენიც გაგრძელდებდა, თუმცა კონკრეტული ვადის დათქმის გარეშე". ანუ საუბარია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომელზეც ითქვა, რომ უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებოდნენ, თუმცა არ დაკონკრეტებულა ზუსტი თარიღი ან ვადა.

უკრაინასთან დაკავშირებით POLITICO ასევე წერს, რომ მათთან ამ საკითხზე ტრამპთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ექსპერტმა ანონიმურად ისაუბრა. წყაროს თქმით, ტრამპი განიხილავს, რომ უკრაინამ რუსეთს გარკვეული ტერიტორიები დაუთმოს, თუმცა, ეს კიევისთვის დახმარების შეწყვეტას არ ნიშნავს.

"[ტრამპი] ღია იქნებოდა NATO-ს გაფართოების შეჩერებასა და უკრაინის საზღვრების 1991 წლის მოცემულობისთვის არდაბრუნებაზე. ეს შესაძლოა იყოს მოლაპარაკებების მაგიდაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს სხვა შესაძლებლობების, მათ შორის უკრაინის დიდი რაოდენობის იარაღით მომარაგებას, დათმობას." – ციტირებს POLITICO ტრამპთან დაახლოებულ ექსპერტს.

კომენტარები