NATO-საქართველო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე მიწვეულია - მილერი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ამერიკის ხმას დაუდასტურა, რომ ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არის მიწვეული

ამერიკის ხმის კითხვაზე, იყვნენ თუ არა მიწვეულები პრემიერმინისტრი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მილერმა უპასუხა, რომ "პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად."

ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა სამიტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მეთიუ მილერმა მედიის შეკითხვას, მიიღეს თუ არა საქართველოს მხრიდან დასტური სამიტთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობის განზრახვებთან დაკავშირებით ის ვერ ისაუბრებს. 

"საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ მიმართოთ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული" - პასუხობს მილერი.

NATO-ს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება. 

კომენტარები