ტუნისი

პროტესტის ფონზე ტუნისის პრეზიდენტმა პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

Reuters

ტინისის პრეზიდენტმა, კაის საიდმა პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადააყენა და პარლამენტის მუშაობა 30 დღით შეაჩერა. კაის საიდმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის და იუსტიციის მინისტრებიც. პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ.

კაის საიდი ამბობს, რომ ის კონსტიტუციის თანახმად მოიქცა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება კვირას გამართულ მასშტაბურ და ძალადობრივ პროტესტს მოჰყვა. დემონსტრანტები პანდემიის არაეფექტიან მართვას და გაუარესებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას აპროტესტებენ და პრემიერმინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობას აკრიტიკებდნენ.

პრემიერმინისტრ ჰიჩემ მეჩიჩის თქმით, ის ძალაუფლებას საიდის დანიშნულ კანდიდატს გადასცემს. მეჩიჩი ამბობს, რომ არ სურს, "დესტრუქციული ელემენტის" როლი ითამაშოს.

პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებსა და მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებები დედაქალაქში ორშაბათ დღესაც გაგრძელდა. პარლამენტის შენობის წინ მხარეები ერთმანეთს  ქვებს უშენდნენ.

კაის საიდი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, რომელიც პრეზიდენტად 2019 წლის არჩევნებში აირჩიეს. მასა და პრემიერმინისტრ მეჩიჩის შორის მრავალწლიანი დაპირისპირება არსებობდა. პრემიერმინისტრს მხარს უჭერს უდიდესი საპარლამენტო უმრავლესობის მფლობელი ისლამისტური პარტია ნაჰდა (აღორძინების პარტია).

საპროტესტო ტალღას ქვეყანაში ეპიდმდგომარეობის გაუარესებამ შეუწყო ხელი. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩავარდნილი ვაქცინაციის პროგრამის გამო, გასულ კვირას თანამდებობიდან გადააყენეს ჯანდაცვის მინისტრი.

25 ივლისს ქვეყანაში პრემიერმინისტრის და პარტია ნაჰდას მოწინააღმდეგეების მასშტაბური აქციები გაიმართა. ერთ-ერთ ქალაქში, ტოუზერში პარტიის შტაბს ცეცხლი წაუკიდეს.

სატელევიზიო გამოსვლის დროს პრეზიდენტმა თქვა, რომ ზომები, რომლებიც მან მიიღო, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისთვის იყო გამიზნული. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში სამხედრო ძალას გამოიყენებდა.

26 ივლისს პარლამენტის სპიკერმა და პარტია ნაჰდას ლიდერმა, რაჩედ ღანოჩიმ პარლამენტში შესვლა სცადა, ის პრეზიდენტის მხარდამჭერებმა შეაჩერეს, რომლებმაც პარლამენტის შესასვლელთან პიკეტი მოაწყვეს. ალ-ჯაზირას ტელევიზია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ნაჰდას პარტიის მიმართ დადებითადაა განწყობილი, აცხადებს, რომ 26 ივლისს უშიშროების ძალებმა ტუნისში, ტელევიზიის ოფისში რეიდი მოაწყვეს. არხის აღჭურვილობა გათიშეს და თანამშრომლებს უთხრეს, რომ შენობა დაეტოვებინათ.

საერთაშორისო საზოგადოება ტუნისის მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

სატელეფონო საუბარში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტუნისის პრეზიდენტს მოუწოდა, "შეენარჩუნებინა ღია დიალოგის რეჟიმი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ტუნისელ ხალხთან".

გაეროს თქმით, ყველა უთანხმოება დიალოგით უნდა გადაწყდეს. ევროკავშირი ყველა მხარეს კანონის დაცვასა და ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მსგავსი განცხადებები გააკეთეს არაბულმა ლიგამ, რუსეთმა და კატარმა.

კომენტარები