ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა იღებს, მაგრამ მას არანაკლები ინტერესით ადევნებენ თვალს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც საქართველოა. მოტივი პრაგმატულია - როცა მიზანთან ასე ახლოს არასდროს ყოფილხარ, გინდა იცოდე, თუ ვის ხელში იქნება გაწევრიანების პროცესის ბედი შემდეგი 5 წლის განმავლობაში.
2022 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის წარდგენის შემდეგ საქართველოში მუდმივად არსებობდა შიში, რომ თუ გადაწყვეტილებას არჩევნებამდე არ მიიღებდნენ, პროცესი კიდევ უფრო გაიწელებოდა და თაროზე 2025 წლამდე აღმოჩნდებოდა. შიში არ გამართლდა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი 2023 წლის ბოლოს მიიღო თუმცა ახლა მთავარი კითხვაა, ექნება თუ არა გავლენა ევროპარლამენტის არჩევნებს მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებაზე.
არჩევნები დასრულდა, შედეგები გვაჩვენებს, რომ პოლიტიკური სახეების ნაწილი და ძალები, რომლებმაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღეს, კვლავ ევროპარლამენტში და ბრიუსელის აღმასრულებელ კაბინეტებში რჩებიან.
ევროსკეპტიკოს მემარჯვენეთა პოტენციურ ალიანსი, რომელსაც გაფართოებაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეეძლოთ, არც ალიანსია და არც ცალ-ცალკე არიან საკმარისად ძლიერები, რომ პროცესი შეაფერხონ. ისინი აღმოსავლეთ ევროპიდან პოტენციურ კანდიდატებს დამატებით ტვირთად მიიჩნევენ, თუმცა, ამგვარი პოზიციონირება ჯერ კიდევ შორსაა აბსოლუტური პოპულარულობისგან და ფაქტია, რომ გადაწყვეტილების მიმღებ უმეტეს თანამდებობას კვლავ საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი ჯგუფები ფლობენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, თუ არჩევნების შემდეგ რამდენად სუსტი გავლენა აქვთ გამარჯვებული კოალიციის მიღმა დარჩენილ ევროპარლამენტარებს, შეიძლება ითქვას, რომ სიტუაციის დრამატული ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
როგორც წესი გაფართოების საკითხები ყოველთვის იმ პრობლემების სიაშია, რომელზე მუშაობასაც ყველა სტაბილურობაში ამჯობინებს, მიმდინარე წელს კი ასეთი დროის გამონახვა რთული იქნება. თუმცა, ევროკომისიამ არჩევნების ცხელ პერიოდშიც კი შეძლო გადაწყვეტილების მიღება და უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გაფართოების პოლიტიკას შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში ევროკავშირში მიმდინარე პროცესები ვერ აფერხებს.
სინამდვილეში მთავარი პრობლემა, შესაძლოა, თავად საქართველოში არსებული მდგომარეობა იყოს, სადაც ქართული ოცნების ანტიდასავლური გადაწყვეტილებები არათუ უბიძგებს ევროპელ ლიდერებს, რომ გამონახონ დრო კანდიდატობის გადაწყვეტილებიდან მოლაპარაკებების გახსნისკენ გადასანაცვლებლად, არამედ, პირიქით, სადამსჯელო ღონისძიებებზე იმუშაონ. თანაც იმ დროს, როცა ბლოკისთვის საქართველო პრიორიტეტი საერთოდ არ იქნება.
საქმე იმაშია, რომ ხელისუფლების ქმედებები, იქნება ეს ანტიდემოკრატიული კანონების მიღება თუ ზოგადი ანტიდასავლური რიტორიკა, არჩევნებისთვის მზადებასთან და შედეგების მოლოდინთან ერთად, ისედაც გადატვირთულ პერიოდში მყოფ ევროკავშირს ჩვენი თაროზე შემოდების გადაწყვეტილებას უფრო გაუმარტივებს.
საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო კანონი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც ევროკავშირმა ანტიდემოკრატიულად შეაფასა. ბლოკის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა კანონს ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა უწოდა და თქვა, რომ წევრი ქვეყნები რეაგირებისთვის შესაბამის ზომებს განიხილავენ.
ამასთან, კანონის მიღების გამო ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები უკვე დაუწესა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა. ხელისუფლება ასევე გააკრიტიკა საქართველოსთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანი ალიანსის, NATO-ს წარმომადგენელმაც, თუმცა ქართული ოცნების ლიდერები აგრძელებენ მტკიცებას, რომ ისინი ევროკომისიის მიერ მიცემულ 9 რეკომენდაციას ასრულებენ.
ამავდროულად ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების და არაერთხელ უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები პროტესტის დარბევის დროს. ორივე მათგანი ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილია.
ევროპარლამენტში კვლავ აირჩიეს დეპუტატები, რომლებიც ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები და აღიარებენ, რომ ქვეყანას ოლიგარქი მართავს. ამასთან, პარლამენტში ვეღარ მოხვდნენ რადიკალური დეპუტატები, რომელთა პოზიციებს ოცნების პროპაგანდა ხშირად მათ სასარგებლოდ იყენებდა. ერთი წლის წინ ქართული ოცნება ევროპელი სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფიდანაც კი გარიცხეს, რომელიც ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის (S&D) ნაწილია.
ამიტომაც, ახლა პრობლემა თავად საქართველოშია და არა ევროკავშირში მიმდინარე პროცესებში. ევროპარლამენტის არჩევნები და თანმდევი პროცესები საქართველოზე რაიმე დიდ გავლენას არ მოახდენს. შესაბამისად, სამომავლო წინსვლაც მეტწილად თავად საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და იმ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, როგორშიც ევროკავშირს შიდა პროცესების დასრულების შემდეგ დავხვდებით.
ამჟამად ანტისახელისუფლებო მასშტაბური პროტესტი მინელდა. ოპოზიციასა და პროტესტის მონაწილეებს არჩევნების იმედი აქვთ, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს. საქართველოს მოსახლეობას საშუალება ექნება, დასავლელ პარტნიორებს დაანახონ, რომ ხელისუფლება უმრავლესობის ნებას აღარ გამოხატავს, თუმცა ეს მარტივი ბრძოლა არ იქნება.
პროპაგანდა, რომ ევროკავშირს არჩევნებისა და აღმასრულებელი თანამდებობებზე კანდიდატების არჩევის დროს საქართველოსთვის არ სცალია, სუსტია. სავარაუდოდ, ევროკომისია საქართველოს შესახებ შემდეგ რეკომენდაციას შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნებს და ეს ნათლად დაგვანახებს, რომ პრობლემა სწორედ საქართველოს შიდა პოლიტიკაში და არამხოლოდ რეკომენდაციების არ შესრულებაში, არამედ მათ წინააღმდეგ მოქმედებაშია.
ავტორი: ირაკლი მაჩაიძე




