ირაკლი კობახიძე

მზად ვარ, ფიცოს ბედით მუქარაზე მივცე ჩვენება ნებისმიერი ქვეყნის გამოძიებას - კობახიძე

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მზადაა "ფიცოს ბედის გაზიარების" საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნის გამოძიებას ჩვენება მისცეს. 

"რაც შეეხება ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმეს, მე ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება, რომ თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება მზად ვარ, მივცე ჩვენება და ეს გამოძიება შეიძლება იყოს აქტუალური კონკრეტული ქვეყნებისთვის და არა ქართული გამოძიებისთვის.

მე არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში, მუქარა იყო შედეგზე გათვლილი, აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ საქართველოში გამოძიების დაწყების ინტერესს. ფაქტია, რომ აღიარებაც მოჰყვა ამ ყველაფერს. პირდაპირ აღიარება იყო, გვითხრეს, რომ გარკვეული პროცესების შედეგი შეიძლება იყოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ლიკვიდაცია. ეს არის რეალურად მუქარა. მე არ მგონია, რომ ეს საქართველოს შედეგზე იყოს გათვლილი, აქედან გამომდინარე, საქართველოს რეალობისთვის მე არ მგონია, რომ იყოს რელევანტური გამოძიების დაწყება, მაგრამ სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება იყოს აბსოლუტურად რელევანტური. თუ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა დაინტერესდება, მზად ვარ, მივცე ჩვენება. ეს იყო დაშინების უსუსური მცდელობა. აქედან ჩანს, რომ ის ადამიანები და ის ძალები, რომლებიც საქართველოს აშანტაჟებენ ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით, არიან საკმაოდ უსუსურ მდგომარეობაში". - თქვა კობახიძემ.

სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს ქალაქ ჰანდლოვაში მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

23 მაისს კობახიძემ განაცხადა, რომ მასთან საუბარში "ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო".

იმავე საღამოს, უნგრელმა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ბრალდებებს უპასუხა. ვარჰეის თქმით, კობახიძემ მათი სატელეფონო საუბარი სრულიად ამოიღო კონტექსტიდან და იმგვარად წარმოაჩინა, რომ შეიძლებოდა საუბრის მიზნის მისინტერპრეტაცია.

12 ივნისს სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ დაიწყეს გამოძიება პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის საჯარო განცხადებაზე, უპასუხა, რომ "უწყება თავად წყვეტს, არის თუ არა სისხლის სამართლებრივი ნიშნები ამა თუ იმ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში, ამაზე ჩაითვალა, რომ არ არის ის საკმარისი სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად".

კომენტარები