ფულადი გზავნილები

მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იტალიიდან შემოვიდა, რუსეთმა II ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 284.3 მლნ აშშ დოლარი (772.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 27.1%-ით ნაკლებია 2023 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოში შემოსული გზავნილების 16.93% იტალიაზე მოდის - 48.12 მილიონი დოლარი, რაც 7.74%-ით მეტია 2023 წლის მაისთან შედარებით. ამ მონაცემით მეორე ადგილზე (16.92%) გადაინაცვლა რუსეთის ფედერაციამ, რომელიც უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობით. რუსეთიდან გასულ თვეში 48.11 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 69.5%-იანი კლებაა.

ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილებით მესამე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები (16.61%) - 47.22 მილიონი აშშ დოლარი.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. იტალია - $48.12 მლნ;
  2. რუსეთის ფედერაცია - $48.11 მლნ;
  3. აშშ - $47.22 მლნ;
  4. საბერძნეთი - $22 მლნ;
  5. ისრაელი - $21.78 მლნ;
  6. გერმანია - $21.73 მლნ;
  7. ყაზახეთი - $11.34 მლნ;
  8. თურქეთი - $8.63 მლნ;
  9. ესპანეთი - $5.64 მლნ;
  10. ირლანდია - $5.32 მლნ;
  11. საფრანგეთი - $4.9 მლნ;
  12. ყირგიზეთი - $4.72 მლნ;
  13. აზერბაიჯანი - $4.03 მლნ;
  14. გაერთიანებული სამეფო - $3.66 მლნ;
  15. პოლონეთი - $3.02 მლნ;

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრები.

კომენტარები